ფეხბურთი

11:28 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ლეგიონერთა ევროპული მონაგარი

ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. უეფას ტურნირებს ქართული გუნდები აღარ შემორჩნენ. სამაგიეროდ, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდი შემორჩა ევროპა ლიგას.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ტრაბზონსფორმა" მაკედონიაში ადგილობრივ "რაბოტნიჩკთან" ითამაშა და მინიმალურად, 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი შოთას გუნდის კარში 23-ე წუთზე ბაჟე ილიოსკიმ გაიტანა.

მოიგო სოლომონ კვირკველიას ყაზანის "რუბინმა". რუსულმა გუნდმა გრაცში, "შტურმი" უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფს დაუახლოვდა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

პირველ ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მძლეველმა ნიქოზიის "ომონიამ", რომლის ღირსებასაც უჩა ლობჟანიძე იცავს, დანიაში, "ბრონდბიუსთან" სასურველ ფრეს მიაღწია (0:0). კვირკველიას მსგავსად 90 ითამაშა ლობჟანიძემაც.

წარმატებით ითამაშა უკრაინულმა "ზორიამ", რომელმაც ბელგიაში "შარლერუას" 2:0 აჯობა. სამწუხაროდ, ქართველმა ჯაბა ლიპარტიამ 90 წუთი სათადარიგო სკამზე დაჰყო.

ბაქოს "ინტერმა" მასზე გაცლებით გამოცდილ "ბილბაოსთან" "სან მამესზე" ითამაშა და 0:2 დამარცხდა. ზაურ სვანაძის ქართველ შეგირდთაგან თავიდან ბოლომდე ითამაშეს ლაშა კასრაძემ, ნიკა კვეკვესკირმა და ზურაბ ხიზანიშვილმა. გიორგი ლომაიამ კი მატჩს თვალი თადარიგიდან ადევნა.

წარუმატებლად იასპარეზა არნემის "ვიტესმაც". ჰოლანდიელები ინგლისურ "საუთჰემპტონთან" სტუმრად 0:3 განადგურდნენ და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ერთობ გაირთულეს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს.

0.119243