კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს სფფ-ს საქმიანობაში ჩარევას ეხებოდა.
“მიუღებელია სახელმწიფოს ჩარევა არჩევნებში. წარსულს ჩაბარდა სახელმწიფოს სფფ-ს არჩენებში ჩარევა. ყველამ ვიცით, როგორ დაინიშნა ამჟამინდელი სფფ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი, მისი წინამორბედი თავკაცი. ვერავინ ვერ გაბედავს სფფ-ს არჩევნებში უხეში ხერხებით ჩარევას.
ჩვენ ვაპირებთ ჩავერიოთ ფეხბურთის განვითარებაში. სახელმწიფო მზადაა ქართული ფეხბურთი ამოიყვანოს რეალური ჭაობიდან. ამ მიმართულებით გარკვეული ინვესტიციები განხორციელდება”, - განაცხადა კალაძემ “სპორტ–ექსპრესთან” საუბარში.
სფფ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ევროპული ფეხბურთის მართველი ორგანოს, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ფრანგი სიჭინავას ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ატყობინებს. ამ თემაზე კალაძემ ირონიული პასუხი გასხა.
“სიჭინავამ გუშინ გაიგო ვინ არის პლატინი. ამაზე სერიოზული პასუხი გავცე? სიჭინავა იცნობს პლატინის და რა ვქნათ? ტაში დავუკრათ?
ჩვენ გავიგეთ, რომ სიჭინავა ტანკისტი ყოფილა, თუმცა ომამდე. ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, კალაძემ primetimenews.ge-თან მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფოს მიერ სფფ-ს საქმიანობაში ჩარევის შესახებ ისაუბრა, რასაც ზვიად სიჭინავას პასუხი მოჰყვა. სფფ-ს პრეზიდენტის განცხადებით სახელმწიფოს სფფ-ს არჩევნებში ჩარევა ფიფას-ს წესებს ეწინააღმდეგება.