ძიუდო

13:53 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგონების დილა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა მზია ბებოშვილმა (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ბებოშვილმა, რომელიც შეჯიბრებაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდის, საწყის ეტაპებზე ბრიტანელი აიმე გრანტი და მოლდოველი ანა როტარი იპონ-იპონ ჩამოიშორა და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად საღამოს პროგრამაში რუსეთის ნაკრების წევრ ნასიბა იბრაგიმოვას დაუპირისპირდება.

ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: ჩეხ ვერა ზემანოვას 3 იუკო აუღო, ხოლო მაკედონიელი ამრა ფეიზულა და რუსი დანა ნაგუშევა შებოჭა. მომდევნო შეხვედრაში მისი მეტოქე ფინელი ემილია კანერვა იქნება.

დღესვე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის დარბაზში ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა დუდაშვილიც (73 კგ) გავიდა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ... საპრიზო სამეული მის გარეშე შეივსება. ძირითად ბადეში ლატვიელი ნიკიტა დუინოვსის "ოქროს დროში” ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუს არტურ პანაიტოვთან შეხვედრაში ორჯერ დავარდა ვაზარზე და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ვასილ ბალამპანაშვილთან იუკოთი დამარცხდა.

საღამოს პროგრამა 16 საათიდან დაიწყება.

0.120478