ფეხბურთი

16:37 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა თოთაძე მინისტრის გამო "საბურთალოში" გადასვლას უარყოფს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ "საბურთალოს" ახალწვეულმა მცველმა ლაშა თოთაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს იგი "საბურთალოში", ამავე კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან, ამჟამად კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაბარგდა.

როგორც თოთაძემ worldsport.ge-ის განუცხადა, მას ტარიელ ხეჩიკაშვილი მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით ჰყავს ნანახი და "საბურთალოში" მისი გადასვლა წმინდა საფეხბურთო კუთხით იყო განპირობებული:

"sportall.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება, რადგან ტარიელ ხეჩიკაშვილი პირადად არასდროს მინახავს. ამ ადამიანს მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ. მე შევხვდი "საბურთალოს" გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს და კონტრაქტის პირობები მხოლოდ მასთან შევათანხმე. ამ გუნდში იმიტომ გადავედი, რომ "საბურთალოს" სერიოზული მიზნები აქვს. უბრალოდ სასაცილოა საიდან მოიტანეს ამგვარი ტყუილი.

რაც შეეხება "დინამოდან" წამოსვლის მიზეზს - მთავარი მწვრთნელი მელაპარაკა და მითხრა, რომ მის გეგმებში აღარ ვჯდებოდი. ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო პროცესია და ამაში გასაკვირი არაფერია", - გვითხრა ლაშა თოთაძემ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება sportall.ge-ს რედაქტორ გელა უშარიძესაც ვთხოვეთ. მისი თქმით, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" შეუძლია სასამართლოს მიმართოს და ამგვარი განცხადებების გაკეთება კი, უბრალოდ, არასერიოზულია.

"ინფორმაცია თოთაძესთან დაკავშირებით სანდო წყაროდან მივიღეთ და შესაბამისად, გამოვაქვეყნეთ კიდეც. "საბურთალოსა" და თავად თოთაძეს შეეძლოთ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, რაც ფეხბურთელმა გააკეთა კიდეც. უბრალოდ, არასერიოზულია ის განცხადება, რომელიც ამ გუნდმა გამოაქვეყნა, რადგან რეიტინგის ამაღლება და მკითხველის მიზიდვა რომ გვინდოდეს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ხდება.

როდესაც მედიასაშუალებას ედავება კლუბი ან კონკრეტული პიროვნება, არსებობს ბოდიშის მოხდის სხვადასხვა ფორმები, ანაც კანონმდებლობა და "საბურთალოს" შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, sportall.ge კი თავს დაიცავს და პასუხს გასცემს. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს არ უნდათ და მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლნენ", - გვიპასუხა გელა უშარიძემ.

როგორც ცნობილია, სამშაბათ დილით sportall.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლაშა თოთაძე "საბურთალოში" გადასვლაზე უშუალოდ ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაითანხმა, რასაც საღამოს უკვე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" განცხადება მოჰყვა, რომელიც კლუბმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ორივე ზემოხსენებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ:

ლაშა თოთაძე "საბურთალოში" გადასვალაზე თავად მინისტრმა დაითანხმა

“თბილისის "დინამოს" ექსკაპიტანი ლაშა თოთაძე "საბურთალოში" ითამაშებს. 26 წლის მცველი გია გეგუჩაძის გემოვნებაში არ ჯდებოდა, ამიტომ გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა. თოთაძის გადაბირებით ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, sportall.ge-სთვის სანდო ინფორმაციით, ფეხბურთელს სპორტისა და ახალზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უშუალოდ შეხვდა.

მინისტრმა დაარწმუნა თოთაძე, რომ "საბურთალოში" გადასულიყო, სანაცვლოდ კი კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის, ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.

ლაშა თოთაძე მეორე დღეა დუშეთშია და გუნდთან ერთად შეკრებას გადის. თოთაძე "საბურთალოში" დეკემბრამდე იჯარით ითამაშებს.

შეგახსნებთ,, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" პრეზიდენტი იყო, ვიდრე მინისტრად დანიშნავდნენ. როგორც ჩანს, გამინისტრების შემდეგ ის მაინც არაფორმალურად ზრუნავს გუნდის კეთილდღეობაზე”.

sportall.ge-ზე გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" შემდეგი განცხადებით უპასუხა:

“საინფორმაციო პორტალ www.sportall.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა მასალა ჩვენი კლუბის ახალწვეულის, ლაშა თოთაძის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად ტყუილებით არის აგებული და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

წერილში, სადაც ავტორი არ ამჟღავნებს საკუთარ ვინაობას, რაც კიდევ უფრო ეჭვებს ბადებს სტატიაში მოყვანილი ფაქტების მართებულობაში, ნათქვამია, რომ თითქოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს“ ყოფილი პრეზიდენტი) უშუალოდ შეხვდა ლაშა თოთაძეს და დაარწმუნა ფეხბურთელი გადასულიყო „საბურთალოში“, სანაცვლოდ კი დედაქალაქურმა კლუბმა ახალწვეულს კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სტატია, რომელიც დღეს 10:10 საათით არის დაფიქსირებული, შედგება ტყუილებისგან და მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ფეხბურთელს შეხვდა კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე, რომელიც დღესდღეობით "საბურთალოში" მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებელი პირია და მხარეები პირობებზე შეთანხმდნენ. ამის მერე, ლაშა თოთაძე ბანკში გადაიხდის თანხას, გააჩუქებს ფულს თუ კეთილ საქმეს მოახმარს, თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს.

ჩვენის მხრივ, პორტალ "sportall.ge"-ს ვურჩევთ -გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას, ნუ ავრცელებს ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მოერიდოს იაფასიანი პასკვილებით მკითხველის მოზიდვის არასასურველი მეთოდის გამოყენებას.
საფეხბურთო კლუბი საბურთალო აცხადებს: "sportall.ge"- უახლოეს პერიოდში ან დაამტკიცოს ინფორმაციის სიმართლე, თუ არა და ჩავთვლით, რომ ხსენებული წერილი არაკეთილის მსურველებისგან მიზანმიმართულად იყო დაწერილი.
P.S. დღის მეორე ნახევარში ხსენებულმა პორტალმა შეცვალა სიტყვები - დაზუსტებული ინფორმაცია, სანდო ინფორმაციით ჩაანაცვლა”.

0.122145