ფეხბურთი

14:08 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ტოპლიგებში

19 წლის გიორგი პაპუნაშვილის გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის "ვერდერში" ჩარიცხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, რადგან ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების ტოპლიგის გუნდებში გადასვლას გადაჩვეულნი ვართ. მართალია, პაპუნაშვილი "ბრემენელი მუსიკოსების" 23 წლამდე გუნდის რიგებში ჩაირიცხა, მაგრამ თავის გამოჩენის შემთხვევაში ძირითად გუნდშიც გადაიყვანენ.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება გავიხსენოთ ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ტოპ საფეხბურთო ჩემპიონატებში უთამაშიათ ანაც ახლა თამაშობენ.

გერმანია, ბუნდესლიგა

გერმანიაში ყველაზე მეტად "ქართული" გუნდი "ფრაიბურგი" იყო, რომლის მთავარი მწვრთნელი ფოლკერ ფინკე ჩვენებურებს თავის გამოჩენის საშუალებას ხშირად აძლევდა.

ლევან კობიაშვილი ("ფრაიბურგი", "შალკე", "ჰერტა")

ლევან კობიაშვილის გერმანული კარიერა მთლიანად რომ აღვწეროთ, ცალკე სტატიის დაწერა მოგვიწევს - ისე კი, მოკლედ, რომ ვთქვათ, კობის ბუნდესლიგაში 351 მატჩი აქვს გამართული, რაც ლეგიონერთა შორის მეორე შედეგია. გერმანიაში მისი პირველი გუნდი "ფრაიბურგი" იყო, რომელსაც 1998 წელს ვლადიკავკაზის "ალანიადან" შეუერთდა. "ფრაიში" კობი 2003 წლამდე დარჩა შემდეგ გელზენკირხენის "შალკეს" მიაშურა. "ხუმარების" რიგებშიც ლევანი მოწოდების სიმაღლეზე იყო და გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. ბოლო გერმანული და არამარტო გერმანული, არამედ კარიერის უკანასკნელი კლუბი კი ბერლინის "ჰერტა" აღმოჩნდა, სადაც კობიაშვილი 2010 წლის ზამთრიდან 2014 წლის ზაფხულამდე გაისარჯა. სამივე ზემოხსენებულ გუნდში კობიაშვილი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და სამივე გუნდის ქომაგებში ერთობ პოპულარობითაც სარგებლობს.

ალექსანდრე იაშვილი ("ფრაიბურგი", "კარლსრუე")

იაშვილის გერმანული კარიერაც საკმაოდ მდიდარია. 1997 წელს ნიჭიერი ქართველი ფორვარდი "ლიუბეკში" გადაბარგდა, თუმცა ეს გუნდი მაშინ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა. იქ გატარებული ნახევარი სეზონის შემდგომ კი ადგილი "ფრაიბურგში" მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც სრული 10 წელიწადი დაჰყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნეოდა. 2007 წელს, კი ბუნდესლიგის ახალწვეულ "კარლსრუეს" მიაშურა, რომელსაც კაპიტნობდა კიდეც. მისი ბოლო გერმანული გუნდი "ბოხუმი" გახლდათ, მაგრამ “ლიუბეკისა" არ იყოს, ეს გუნდიც ქვედალიგელი გახლდათ.

ლევან ცქიტიშვილი ("ფრაიბურგი", "ვოლფსბურგი")

22 წლის წლის იმედისმომცემი ნახევარმცველი ფოლკერ ფინკემ "ფრაიბურგში" 1998 წელს "დინამოდან" იხმო. საბოლოოდ, ცქიტოს იქაური მოღვაწეობა 2005 წლამდე გაგრძელდა და თანაც, წარმატებით. იმ წელს კი ქართველმა გაცილებით მზარდი "ვოლფსბურგის" მაისური მოირგო. “მგლების" რიგებში თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო და ძირითად შემადგენლობაშიც ხვდებოდა, მაგრამ შემდგომ სასტარტოში ადგილი დაკარგა. მისი გერმანული კარიერა 2006 წელს დასრულდა.

არჩილ არველაძე

არჩილ არველაძე გერმანიაში ჰოლანდიურ "ბრედაში" ასპარეზობის შემდგომ აღმოჩნდა. იგი "კიოლნში" ჩაირიცხა და "თხების" შემადგენლობაში 2003 წლამდე თამაშობდა. სამწუხაროდ მას კარიერის დასრულება ხშირი ტრავმიანობის გამო ნაადრევად მოუწია.

ოთარ ხიზანეიშვილი ("ფრაიბურგი")

არჩილ არველაძის მსგავსად გერმანიაში თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ტრავმის გამო ვერც ოთარ ხიზანეიშვილმა გამოავლინა. ქართველი მცველი ნაცნობ "ფრაიბურგში" 2005 წელს მოსკოვის "დინამოდან" გადავიდა. "ფრაიში" სამი წლის განმავლობაში მან მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გერმანიაში ოთარმა "აუგსბურგშიც" ითამაშა.

კახა ცხადაძე ("აინტარხტი")

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ ფრანკფურტის "აინტრახტს" შეუერთდა. ამ გუნდში კი კახამ საკამოდ კარგი პერიოდი დაჰყო და 4 წლის განმავლობაში 73 მატჩი ჩაატარა (2 გოლი).

რევაზ არველაძე ("კიოლნი")

რევაზ არველაძე "კიოლნში" 1993 წელს აღმოჩნდა, მაგრამ მისი იქაური მონაგარი მწირი გამოდგა - 7 მატჩი, 1 გოლი. აღსანიშნავია, რომ არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა. გარდა "კიოლნისა", გერმანიაში სხვადასხვა დროს უფროსი არველაძე "ჰომბურგისა" და ბერლინის "ბორუსისას" ღირსებას იცავდა.

ლევა ყენია ("შალკე")

ლევან ყენიას ტალანტზე ბევრი დაწერილა-თქმულა. ნიჭიერი ქართველი თბილისის "ლოკომოტივიდან" გელზენკირხენის "შალკეს" სათადარიგო გუნდში 17 წლის ასაკში მოხვდა. ნელ-ნელა, მეთოდურად ყენია ძირითად გუნდს უახლოვდებოდა და ბუნდესლიგაშიც ატარებდა თამაშებს, ხოლო გერმანიის თასზე მშვენიერი გოლიც გაიტანა. თუმცა შემდეგ ლევანის კარიერაში ტრავმიანობის პერიოდი დადგა, რამაც მისდა სამწუხაროდ გერმანული კარიერა დაუსრულა...

დავით თარგამაძე ("ფრაიბურგი")

დავით თარგამაძე თბილისის "დინამოდან" "ფრაიბურგის" სკოლაში 16 წლის ასაკში ჩაირიცხა. მასზე დიდ იმედსაც ამყარებდნენ, მაგრამ... საბოლოოდ მისი გერმანული მონაგარი მხოლოდ 8 (2 შეხვედრა ბუნდესლიგაში) მატჩს ითვლის. ამაჟამად 25 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა...

იტალია, სერია A

კახა კალაძე ("მილანი", "ჯენოა")

იტალიის სერია A-ში კახა კალაძეს ბევრისთვის მიუღწევია. 2001 წელს "მილანმა" კიევის "დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაურიცხა. საბოლოოდ, ლომბარდიელთა რიგებში კალაძე 2010 წლის ზაფხულამდე დარჩა და მარტო სერია ა-ში 194 მატჩი გამართა და 12 გოლი გაიატანა (მათ შორის ერთი დერბი "მადონინაში" თანაც, გადამწყვეტი). 2010-2012 წლებში კი გენუის "ჯენოას" შემადგენლობაში 53-ჯერ გავიდა მოედანზე და კალჩოს მთავარ ლიგაში ერთი გოლიც გაიტანა. კახა კალაძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ამასთან ტოპჩემპიონატებშიც უმარჯვია.

ლევან მჭედლიძე ("ემპოლი")

სერია A-ში ამჯერადაც გვყავს წარმომადგენელი. "ემპოლის" ღირსებას" ლევან მჭედლიძე იცავს. გასულ სეზონში ლევანმა 25 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა (დუბლი "ინტერთან). პირველი გოლი კი სერია A-ში 2008 წელს გაიტანა, როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო. მაშინ სიცილიის "პალერმოს" წევრმა ტურინში გამარჯვების გოლი თვით "იუვენტუსსა" და თვით ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა.

ესპანეთი, ლა ლიგა

შოთა არველაძე ("ლევანტე")

შოთამ თავისი ჩინებული კარიერის მიწურულს ესპანეთში ითამაშა. მისი ბოლო კლუბი ვალენსიური "ლევანტე" იყო. 2007-2008 წლების სეზონის უმეტესი ნაწილი ფორვარდს ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ ლა ლიგაში 4 მატჩის ჩატარება მაინც მოასწრო, თუმცა გოლი არ გაუტანია.

გიორგი დემეტრაძე ("რეალ სოსიედადი")

გიორგი დემეტრაძე ბასკურ "სოსიედადს" კიევის "დინამოში" წარმატებული ასპარეზობის შემდგომ შეუერთდა. სან სებასტიანში მასზე იმედს ამყარებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ გიორგიმ მოლოდინი ვერ გაამართლა. დემეტრაძის ესპანურ მონაგარში 13 მატჩი და ერთადერთი გოლია.

ინგლისი, პრემიერლიგა

გიორგი ქინქლაძე ("მანჩესტერ სიტი", "დერბი ქაუნთი")

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიას ალბათ, არ ახსოვს ისეთი ვირტუოზი ფეხბურთელი, როგორც გიორგი ქინქლაძე იყო. სამწუხაროდ, მან თავისი შესაძლებლობეის ნახევარიც ვერ გამოავლინა. პრემიერლიგაში "ქინქის" "მან სიტისა" და "დერბის" რიგებში უთამაშია. "სიტის" ქომაგებში იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თემურ ქეცბაია ("ნიუკასლ იუნაიტედი")

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის პრემიერლიგურ ისტორიაში "ნიუკასლ იუნაიტედია". "კაჭკაჭთა" რიგებში მან სამი სეზონის განმავლობაში 78 მატჩში 8 გოლი გაიტანა. გარდა "ნიუკასლისა" მან ერთი სეზონი "ვულვერჰემპტონშიც" ითამაშა, თუმცა არა პრემიერლიგაში.

მურთაზ შელია ("მანჩესტერ სიტი")

მურთაზ შელია ინგლისში 1997-2000 წლებში "სიტის" რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. "ქალაქელთა" შემადგენლობაში იგი ვლადიკავკაზის "ალანიადან" გადაბარგდა.

მიხეილ ყაველაშვილი ("მანჩესტერ სიტი")

ასევე "სიტიში" აქვს ნათამაშები მიხეილ ყაველაშვილს. მისი პრემიერლიგური დებიუტი კი ისეთი გამოდგა, რომელზეც ოცნებობენ. 1996 წლის 6 აპრილს, მანჩესტერულ დერბიში, ყაველაშვილმა პეტერ შმეიხელის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. იმ მატჩში მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ლეგენდარულმა დანიელმა კიპერმა არ დააცადა. მიუხედავად ამისა, ყაველაშვილი ინგლისური კარიერა ვეღარ აეწყო.

რატი ალექსიძე ("ჩელსი")

1999 წელს რატი ალექსიძე თბილისის "დინამოდან" ლონდონის "ჩელსიში" აღმოჩნდა. თუმცა რატის ალბიონური კარიერა ვერ აეწყო. მან პრემიერლიგაში ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და 2001 წელს გუნდი დატოვა.

ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნ როვერსი", "რედინგი")

ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისის მთავარ ლიგაში ჯერჯერობით ჩვენი ბოლო წარმომადგენელია. 2005 წელს ხიზანა მარკ ჰიუზმა "ბლექბერნში" მიიწვია. ის სეზონი მან ძირითად შემადგენლობაში უცვლელად გაატარა და გუნდის დაცვის საკვანძო ფიგურაც იყო. პრემიერლიგაში მას "როვერსის" გარდა, "რედინგის" მაისურითაც უთამაშია. ისე კი ჩემპიონშიპში 7 მატჩი "ნიუკასლის" მაისურითაც გამართა.

0.337117