კალათბურთი

13:30 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრაგიჩი ოფიციალურად გამოირიცხა
უკვე 30 ივლისს ახალ ზელანდიასთან მატჩია

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სლოვენია მოახლოებული ტურნირის წინ ლიდერის გარეშე დარჩა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევრობასკეტ-2015-ზე თამაშზე უარი განაცხადა “მაიამი ჰითის” გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის სლოვენიელი უკანახაზელი გადაწყვეტილების მიღებას კარგა ხანი აჯანჯლდებდა, მიზეზად ჯერ სექტემბრის დასაწყისში მეუღლის მშობიარობა, შემდეგ კი საკლუბო ამბების მოწესრიგების აუცილებლობა სახელდებოდა.

საბოლოოდ, სწორედ ამ უკანასკნელმა გადასწონა. ამ თვის დასაწყისში დრაგიჩმა “მაიამისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაშიც 90 მილიონ დოლარს მიიღებს. უკვე ამ დროს განჩნდა ეჭვი, რომ ფლორიდელები სლოვენიელისთვის თავისი პირობების კარნახს დაიწყებდნენ.

ასეც მოხდა. ESPN.com-ის ცნობით, გორანი “ჰითის” პრეზიდენტ პატ რაილს პირადად შეხვდა, რომელმაც კალათბურთელს მაიამელთა მაისურით პირველი სრულყოფილ სეზონზე კონცენტრირება სთხოვა.

ცნობისთვის, გორანი ფლორიდულ კლუბში გასულ სეზონში “ფინიქს სანზიდან” გადაბარგდა და 26 მატჩში საშუალოდ 16.6 ქულას, 5.3 პასს და 3.4 მოხსნას აგროვებდა, რაც ჩინებული მაჩვენებელია.

სლოვენიის ნაკრები სრულყოფილ შეკრებაზე 18 ივლისს გადავიდა და ნაკრენის თავკაცი იურე ზდოვცი ბოლომდე იტოვებდა იმედს, რომ გუნდს უმცროსი დრაგიჩიც შეუერთდებოდა, თუმცა, ახლა სიტუაციასთან შეგუება მოუწევს.

საინტერესოა, რომ სლოვენიელებს, რომლებიც ჯერჯერობით ამერიკელი კალათბურთელიც ნატურალიზებასაც ვერ ახერხებენ (ბრაიან დანსტონისთვის სლოვენიის პასპორტის გადაცემას საშველი არ დაადგა), პირველი საკონტროლო მატჩი უკვე 30 ივლისს, კიდრიჩევოში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ელით.

აქვე, ჩვენი მეტოქეების სხვა შეხვედრების შესახებაც.

3 აგვისტო (ლაშკო): სლოვენია – ავსტრალია

4 აგვისტო (ლიუბლიანა): სლოვენია – ავსტრალია

8 აგვისტო (რიგა): სლოვენია – პოლონეთი

9 აგვისტო (რიგა): ლატვია – სლოვენია

11 აგვისტო (ოჰრიდი): მაკედონია – სლოვენია

13 აგვისტო (ოჰრიდი): სლოვენია – უკრაინა

21 აგვისტო (კოპერი): სლოვენია – უკრაინა

22 აგვისტო (კოპერი): სლოვენია – ფინეთი

23 აგვისტო (კოპერი): სლოვენია – იტალია

27 აგვისტო (ლიუბლიანა): სლოვენია – სერბეთი

29 აგვისტო (ბანია ლუკა): სერბეთი – სლოვენია

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები ზაგრებში დაგეგმილ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდიაც იქნებიან. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებთა მატჩი 6 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.119169