კალათბურთი

11:18 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მიქელაძე: ,,ვითას“ ქართველ კალათბურთელებს სპეციალურად მოწყობილ კემპზე შევარჩევთ“

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი, ახლადაღორძინებული საკალათბურთო კლუბი ,, ვითა“ ახალი 2015-2016 წლების სეზონისათვის ვთბ ლიგაში მონაწილეობით ქართველ გულშემატკივრებს საინტერესო მატჩების ხილვას ჰპირდება. გთავაზობთ ინტერვიუს ,,ვითას“ გენერალურ მენეჯერ ლევან მიქელაძესთან, რომელსაც ,,მსოფლიო სპორტი“ გუნდის დაკომპლექტებასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

-როდის იწყებს ,,ვითა“ ახალი სეზონისთვის მზადებას?

-პირველი აგვისტოდან, ანუ იმის შემდეგ , რაც გუნდს მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე შეუერთდება.

-გუნდის პრეზიდენტის თემურ დათიკაშვილის, ვიცე-პრეზიდენტის კახაბერ შენგელიას, გიორგი მარკოიშვილის, მთავარი მწვრთნელისა და თქვენს გარდა კიდევ ვინ არის ამჟამად ,,ვითას“ წევრი?

- მძიმე ფორვარდი ლევან შენგელია, რომელიც აქამდე აშშ-ს კოლეჯის გუნდში გამოდიოდა.

-სულ რამდენი კალათბურთელის აყვანას აპირებთ?

-გუნდში მაქსიმუმ თხუთმეტი კალათბურთელი გვეყოლება. აქედან 6 უცხოელი, დანარჩენი კი ქართველი იქნება. მათგან 6 ძირითადი შემადგენლობის, 3 კი პერსპექტიული სპორტსმენი.

-ჯერ ხომ არ გყავთ ვინმე შერჩეული და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც ხომ არ იქნებიან?

-,,ვითაში“ თამაშის მსურველი ქართველი კალათბურთელებისათვის საკალათბურთო კემპს მოვაწყობთ და მთავარი მწვრთნელი მისთვის სასურველ სპორტსმენებს ამ ფორმით შეარჩევს.

-როდის დაასრულებთ ,,ვითას“ დაკომპლექტებას?

-აგვისტოს პირველ ნახევარი ქართველების, ხოლო მეორე ნახევარი უცხოელი კალათბურთელების შერჩევას დაეთმობა.

- ვთბ ლიგაში ძლიერი გუნდები თამაშობენ. მათ შორის მარტო ცსკას (რუსეთი) დასახელება რად ღირს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რა შედეგს გეგმავთ ასეთი ძლიერი შემადგენლობით მოასპარეზე ლიგაში?

-ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს ვიტყვი, თავის შერცხვენას ნამდვილად არ ვაპირებთ.

-ვთბ ლიგის გარდა ,,ვითა“ სუპერლიგაში თამაშსაც აპირებს და მის მონაწილე გუნდებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა...

-ურთიერთშეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და მოლაპარაკება შევწყვიტეთ.

- ხომ არ გადაიფიქრეთ სუპერლიგაში თამაში?

- ასპარეზობის ნებას თუ მოგვცემენ, ვითამაშებთ, ხვეწნას კი ნამდვილად არ ვაპირებთ. ისეთი გუნდის გაკეთება გვაქვს გადაწყვეტილი, სუპერლიგის ხელმძღვანელობა აქეთ უნდა გვეხვეწებოდეს.

-სუპერლიგას ხომ თავისი წესები აქვს? ამ წესებიდან გამომდინარე, გუნდი, რომელიც სუპერლიგაში თამაშის სურვილს გამოთქვამს, ,,ა“ ლიგიდან უნდა დაიწყოს და კარგი თამაშით სუპერლიგაშიც მოხვდეს.

-ჯერჯერობით ,,ვითას“ დაკომპლექტებით ვარ დაკავებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, რამდენად გამართლებული იქნება იმ გუნდით პირველ ლიგაში თამაში, რომლის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ.

- და ბოლოს, სად აპირებს ,,ვითა“ ვარჯიშების ჩატარებას?

- ვარჯიშებს ვერის ბაღში ახლად გარემონტებულ კალათბურთის სასახლეში ჩავატარებთ.

0.1153