კალათბურთი

16:25 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნებმა უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს
ქართველთა წინააღმდეგ სპანულისიც ითამაშებს

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქის – საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფოტის კაციკარისმა წინასწარი 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუნდისთვის თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადია, რომ ბერძნები არა მარტო C ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან.

ნაკრებში მთავარი სიახლე პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ვარსკვლავ ვასილის სპანულისის დაბრუნებაა. ბერძენ უკანახაზელს გასული 2 წლის განმავლობაში მუხლის პრობლემის გამო არაერთი მატჩი გაუცდა და არც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია, ამჯერად კი, ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ისევ მზადაა.

“რამდენიმე დღის განმავლობაში, ვასილისი ინდივიდუალურად მოემზადება, შემდეგ კი, ნაკრებს შეუერთდება და ჩვეულებრივ სავარჯიშო პროცესში ჩაერთვება. მთავარია, სპანულისი ნორმალურ ფიზიკურ კონდიციებშია, გუნდში მის როლზე კი არაერთხელ გვისაუბრია”, - აღნიშნა ფოციკარისმა.

სპანულისის გარდა, ბერძენთა დამრიგებელს იმ კალათბურთელთა ძირითადი ბირთვიც ეყოლება, რომელმაც გასულ მსოფლიო პირველობაზე ითამაშა. მათ შორის: “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი, ამომავალი ვარსკვლავი იანის ანტეტოკოუნმპო, გუნდის კაპიტანი ნიკოს ზისისი, კოსტას პაპანიკოლაუ და ნიკ კალატესი.

მცირე შესვენების შემდეგ, ნაკრების მაისურს ისევ მოირგებენ სტრატოს პერპეროღლუ და კოსტას კუფოსი. ვეტერანი პერპეროღლუ, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი ბარსელონასთან გააფორმა, გასულ ზაფხულ ეროვნულ გუნდში ტრავმის გამო არ ყოფილა. რაც შეეხება კუფოსს, ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში კი გახლდათ, თუმცა, დასკვნით შეკრებაზე აღარ გამოცხადებულა.

“ამაში ჩემი ბრალიც იყო. მაშინ კოსტასთან პირადად გასაუბრება ვერ მოვახერხე და გარკვეული გაუგებრობა მოხდა. მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც საბოლოო ჯამში, ნაკრებს მიღმა დარჩა. მოგვიანებით, მას აშშ-ში შევხვდი და დავინახე, რომ კუფოსს ეროვნულ გუნდში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა, ამდენად, ყველა პრობლემა მოგვარებულია”, - განაცხადა კოციკარისმა 26 წლის ცენტრის შესახებ, რომელიც ამასწინათ “მემფის გრიზლიდან” “საკრამენტო კინგზში” გადაბარგდა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ერთადერთი მოულოდნელი სახე ზისის სარიკოპულოსია. სალონიკისი “არისის” 25 წლის ცენტრს ქვეყნის ღირსება მხოლოდ იუნიორთა დონეზე დაუცავს, ამჯერად კი, კაციკარისის თვალთახედვის არეში მოექცა.

“ვეცდებით, თითოელი მოთამაშისგან მაქსიმუმი გამოვწუროთ. გაფართოებულ შემადგენლობაში ვარსკვლავური სტატუსის არაერთი კალათბურთელი გვყავს, თუმცა, ინდივიდუალური გარჯა არაფერს მოგვიტანს. მთავარია, საბერძნეთს შეკრული გუნდი ჰყავდეს. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდად არ გვითამაშია. მაშინ მერვედფინალში სერბეთთან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვფიქრობ, მომავალ ევრობასკეტზე უკეთესი გუნდი გვეყოლება, წარმატების საწინდარი კი დაცვაში საიმედო თამაში უნდა გახდეს”, - დასძინა კაციკარისმა.

საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტ-2015-ისთვის მზადებას 31 ივლისს დაიწყებს, მომავალ ტურნირზე კი საქართველოს ნაკრების გარდა, თამაში C ჯგუფის მასპინძელ ხორვატიასთან, სლოვენიასთან, მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან მოუწევს. ქართულ-ბერძნული დაპირისპირება ზაგრებში 8 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

ვასილის სპანულისი (ოლიმპიაკოსი)

ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი)

კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი)

ნიკოს ზისისი (ბამბერგი, გერმანია)

სტრატოს პერპეროღლუ (ბარსელონა, ესპანეთი)

კოსტას პაპანიკოლაუ (ჰიუსტონი, NBA)

გიორგიოს პრინტეზისი (ოლიმპიაკოსი)

იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი, NBA)

იანის ბურუსისი (რეალი, ესპანეთი)

კოსტას კუფოსი (საკრამენტო, NBA)

ვლადიმირ იანკოვიცი (პანათინაიკოსი)

ვანგელის მანცარისი (ოლიმპიაკოსი)

კოსტას კაიმაკოღლუ (უნიკსი, რუსეთი)

დიმიტრის აგრავანისი (ოლიმპიაკოსი)

ზისის სარიკოპულოსი (არისი)

0.119433