ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიაში გამართული ბაშო დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ წოდებაში დაწინაურება ელის.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ივლისის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ამდენად, მომავალი ბაშოსთვის სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) აღზევებას უნდა ელოდეს.
საინტერესოა, რომ ნაგოიას ბაშოს 11 დღის თავზე ქართველ სეკიტორს 4 მოგება და 7 მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც ოთხივე ბრძოლა მოიგო და მიზანს მიაღწია. დასკვნით დღეს ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰოს იორიკირით სძლია.
შეჯიბრი 6 მოგებით და 9 მარცხით დაასრულა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ტურნირის მე-15 დღეს ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტაკეკაძეს იორიკირით აჯობა.
ცნობისთვის, გაგამარი ნაგოიაში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ამდენად, სატიტულო უკუსვლა ელის.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “იმპერატორის თასის” მფლობელი 35-ედ გახდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუს იორიკირით აჯობა და ბაშო 14 მოგებით და ერთადერთი მარცხით დაასრულა.
ივლისის სუპერტურნირის დასკვნითი დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა – 5:24-დან, ტოჩინოშინის – 6:57-დან