3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
კოტე ბიწაძის, ტარიელ ზუზაძის, მიხეილ ჯაჯვანისა და ვასო კუტალაძის შემადგენლობით ქართველთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აკლია.
იტალიის საკურორტო ქალაქ რიჩიონეში თავი 9 გუნდმა მოიყარა, რომელთაგან 21-23 აგვისტოს გასამართი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ბელარუსს აღნიშნული ფორუმის საგზური მოპოვებული ჰქონდა. სწორედ ბელარუსი მოხვდა ქართველების - ხუთგუნდიან ჯგუფში. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფიდან 1 გუნდი მეოთხედფინალის მიღმა უნდა დარჩენილიყო (მეორე ჯგუფში 4 გუნდი იყო) და ეს გუნდი აღოჩნდა ბელარუსი. გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა ბელარუსები 20:14 დაამარცხეს.
ქართველებმა მანამდე 3 შეხვედრა გამართეს. პირველივე მატჩში შეეძლოთ ჩვენებს მეოთხედფინალის საგზურის თითქმის განაღდება, მაგრამ ესპანეთთან დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით - 15:16 წააგეს. შემდეგ იყო სუსტი მატჩი (10:21) მასპინძელ იტალიასთან და ამას მოყოლილი მარცხი სერბეთთან – 16:20. სერბებმა ჯგუფის ბოლო მატჩში ესპანეთი 12:10 დაამარცხეს და ამის წყალობით აართვეს ქართველებს მე-3 ადგილი.
საქართველოს ნაკრები 26 ივლისს მეოთხედფინალში მეორე ჯგუფში პირველზე გასულ პოლონეთს შეხვდება. მეოთხედფინალის მომგები გუნდები ევროპის ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ. რიჩიონეს შესარჩევ ტურნირის მე-5 ევროსაგზური მეოთხედფინალში დამარცხებულ გუნდებს შორის გათამაშდება.
მეოთხედფინალი
26 ივნისი. თბილისის დრო
ესპანეთი - სლოვაკეთი 18:00
იტალია - ბულგარეთი 18:00
თურქეთი - სერბეთი 18:20
პოლონეთი - საქართველო 18:20
პირდაპირი ტრანსლაცია მითითებულ დროს დაიწყება აქ: