კალათბურთი

13:25 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება ბოლო წამებზე

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ქართელებმა თითო მოგებ-წაგების შემდეგ ჯგუფის მესამე მატჩი გამართეს და სლოვაკეთთან ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით – 70:69 იმარჯვეს.

სლოვაკეთმა ტურნირის პირველი მატჩი პორტუგალიასთან 65:80 წააგო, მომდევნო შეხვედრა კი რუმინეთთან 66:73 დათმო. სლოვაკებმა არაფერი დაუთმეს საქართველოს ნაკრებს და პირველივე წამებზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ. მატჩის მესამე მეოთხედის მე-8 წუთზე სლოვაკები 11 ქულითაც დაწინაურდნენ - 50:39.

ქართველები სლოვაკებს კუდში მისდევდნენ და მატჩის ბოლოსწინა წუთზე დავით ლომიძის სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 65:65. სლავმა მატეი დრგონმა ორქულიანით თავისიანები კვლავ დააწინაურა, რასაც იმავე ლომიძის ზუსტი სამიანი მოჰყვა და პირველად, მატჩში ქართველები წინ გავიდნენ - 68:67 საფინალო სირენამდე 70 წამით ადრე.

სლოვაკებმა კვლავ იხეირეს - მარიო იჰრინმა ზუსტი ტყორცნით თავისიანები 69:68 დააწინაურა. ქართველებს მატჩის გადასარჩენად წუთზე ნაკლები რჩებოდათ. დარჩენილ დროში ბევრი რამ მოხდა. გუნდებმა დაკარგული ბურთები გაცვალეს, დავით ლომიძემ 2 სამქულიანი ააცილა, რომელთაგან მეორე საფინალო სირენამდე 6 წამით გააცუდა, თუმცა ქართველები ლადო ფურცხვანიძემ გადაარჩინა. მან მეტოქის ფარქვეშ ბურთი მოხსნა და გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

ფურცხვანიძემ საბოლოოდ 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, რითაც გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო რაც შეეხება ლომიძეს, ის 23 ქულით ბომბარდირი გახდა. სხვა ვერც ერთმა ქართველმა 10-ქულიან ბარიერს ვერ მიაღწია. 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა ვილი ისიანმა (პლიუს 9 მოხსნა) და ლუკა ბულაშვილმა. საქართველოს გამარჯვება დიდად განაპირობა მეტოქეზე უკეთესად შესრულებულმა საჯარიმოებმა. ქართველებმა 18-დან 14 სროლა სროლა ჩააგდეს, ხოლო სლოვაკებმა - 18-დან 11.

ჩვენს ჯგუფში შვედეთმა აშკარა აუტსაიდერი შოტლანდია გაანადგურა, ხოლო პორტუგალიამ რუმინეთს ოვერტაიმში სძლია. საქართველოს ნაკრები 26 ივლისს რუმინეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასასვლელად 1 მეტოქის - პორტუგალიის დამარცხებაღა დასჭირდება.

ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 25 ივლისი

სლოვაკეთი 69:70 საქართველო (18:12, 16:17, 16:17, 19:24)

სრული სტატისტიკა: 69:70

www.gbf.ge

0.112431