ფეხბურთი

22:30 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

აჰა, ბურთი და აჰა, მოედანი!..

მოკლედ ასე - 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილი ნაყარია და შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებიც ცნობილია.

სანამ უშუალოდ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ვთქვათ ის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ბოლო, მე-6 კალათაში იყო განთესილი, რაც არცთუ სასურველ მეტოქეებს იმთავითვე მოასწავებდა.

თუმცა, მოდით ვაღიაროთ, ამჯერზე "ჯვაროსნებს" ცალსახად გაუმართლათ. ჯგუფი გრანდის გარეშე! არადა, თავისუფლად შეიძლებოდა განგებით პირველი კალათიდან რომელიმე ევროპული ჯილა შეგხვედროდა, ხოლო იქვე მეორე გრანდი - იტალია ან საფრანგეთი დამატებოდა.. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე არ მოხდა.

ჩვენი მეტოქეები მეზობელ რუსეთში გამავალ გზაზე უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიიისა და მოლდოვას ნაკრებები იქნებიან. სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ ნამდვილად გაგვიმართლა და თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს ან გაგვაჩნია, სწორედ ის ჯგუფია, საიდანაც გასვლა თუ არა, ბრძოლა მაინც შეიძლება!

უელსის ნაკრები ევროპულ გრანდთა რიგებში რომ ვერ შედის ძველი ამბავია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი პროგრესის გზას ადგას და მსოფლიო კლასის ფეხბურთელები უყოლობასაც არ უჩივის. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მის ნაცვლად გაცილებით მძლავრი ნაკრები შეიძლებოდა შეგვხედროდა, უელსი სრულებით მისაღები მეტოქეა. თანაც, მასთან ხომ კარგი მოგონებები გვაკავშირებს, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

მეორე კალათიდან ავსტრიის ნაკრები გვერგო. "ოსტერაიხი" კი ის გუნდია, რომელთანაც აქამდე არ გვითამაშია. თუ დანარჩენ შესაძლო მეტოქეებს გადავხედავთ, ვფიქრობ, მეორე კალათიდან ყველაზე მეტად გაგვიმართლა. ერთი კი არის, რომ ავსტრიელები დიდ ტურნირებზე გასვლას დაწყურებულნი არიან: ბოლოს ამ ნაკრებმა 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე ითამაშა. მას შემდგომ კი რეგრესს განიცდის.

ავსტრიელთა დარად, სერბეთი ის ნაკრებია, რომელთანაც ნათამაშები არ გვაქვს - სერბეთის ნაკრები ბოლო პერიოდში წარმატებული თამაშით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ამ ქვეყანაში, რომ ფეხბურთის თამაში იციან, ყველასთვის კარგად ცნობილია. განსაკუთრებით კი ექს იუგოსლავიელებს ახალგაზრდა თაობის ეიმედებათ - ერთი თვის წინ მათ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი მოიგეს. წესით, იმ ნაკრების რამდენიმე წევრი ჩვენს ნაკრებს დაუპირისპირდება. მესამე კალათის დანარჩენ ნაკრებებს თუ გადავხედავთ, სერბეთი მთლად მიუღებელი მეტოქე არ უნდა იყოს, თუმცა ვინ იცის...

მეოთხე კალათიდან კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ირლანდია გვერგო. ამ გუნდთან კი საქართველოს ნაკრებს ყველა თამაში წაგებული აქვს, ოფიციალურიც და ამხანაგურიც. ბოლოს ირლანდიელებთან ერთი წლის წინ თბილისში წავაგეთ, ხოლო 7 სექტემბერს 2018 წლის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე კიდევ დავუპირისპირდებით. ამ კალათიდან ვერ ვიტყვით, რომ გაგვიმართლა, რადგან შეიძლებოდა ფარერების ანაც ესტონეთის ნაკრებთან შეტოქება, მაგრამ აქ არ გაგვიმართლა.

მოლდოვა კი ძველი ნაცნობია. გუნდი, რომელთანაც ჩვენმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და დამარცხდა. 20 წლის წინ იყო, ახლა კი რა თქმა უნდა, სხვა დროა. უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოველთა მთავარ გუნდთან დაპირისპირებით ალბათ, უფრო გაგვიმართლა, რადგან მის კალათაში უფრო ძლიერი გუნდებიც იყვნენ...

მოკლედ, გრანდს ავცდით. ამჯერად, თბილისში ტოპ ნაკრებს ვერ ვიხილავთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე თუ გასვლა გვინდა, აქედან უნდა გავიდეთ. უბრალოდ, ფეხბურთში სუსტი მეტოქეები უკვე კარგა ხანია არ არსებობენ და ბურთის გორებაც ყველამ ისწავლა, აითვისა...

სათამაშო სტილი

უელსისა და ირლანდიის ნაკრებების ხელწერა გარკვეულწილად ერთმანეთს ჩამოგავს. ორივე ბრიტანული ფეხბურთის მიმდევარია. თანაც ჩვენი ნაკრებისთვის ორივე ნაცნობი მეტოქეა. სერბეთი უფრო ტექნიკური გუნდია, რომელსაც მაღალი დონის შემსრულებელები და კაცის მომტყუებელი ფეხბურთელები არ უჭირს. ავსტრიის ანკრების მთავარი კოზირი კი ალბათ, უფრო ფიზიკური მომზადება და სათამაშო დისციპლინაა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს... მოლდოვის ნაკრები კი ის გუნდია, რომელიც რეალურად ვთქვათ, ამ ჯგუფში ჩვენი საკბილოა და ერთადერთია, რომელთანაც დიდი შანსი გვაქვს.

წარსული

სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან არასდროს გვითამაშია. სამაგიეროდ, დანარჩენ სამ ნაკრებთან ბურთაობის გამოციდლება გვაქვს.

როგორც ზემოთ ვახსენე, მოლდოვის ნაკრებთან პირველი ოფიციალური მატჩი გავმართეთ 1994 წელს, რომელშიც წავაგეთ. თბილისში 0:1, შემდგომ კი კიშინიოვშიც დავმარცხდით - ამჯერად, 2:3. ჯამში კი მათთან 10-ჯერ გითამაშია. 4 მოგება, 4 წაგება, 2 ფრე - ასეთი საერთო ბალანსი, ბურთების უკეთესი შეფარდებით - 14:11.

ირლანდია კი ის ნაკრებია, რომელთანაც აქამდე ყველა შეხვედრა წაგებული გვაქვს. ალბათ, ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ ეს გუნდია. 6 თამაში და 6 მარცხი (4:14 ბურთების ბალანსი). ბოლოს ამ გუნდთან გასული წლის სექტემბერში 1:2 წავაგეთ, ხოლო მანამდე ამხანაგურ მატჩში, არასამეგობრო ანგარიშით წავაგეთ - 0:4. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი ჯერ თბილისში წავაგეთ (1:2), ხოლო შემდგომ დუბლინში (0:2). თბილისურ მატჩში კი დემიენ დაფის მატჩის დასაწყისში გატანილი გოლი ლევან კობიასვილმა ლამაზი ჯარიმით გაქვითა, თუმცა მატჩის მიწურულს გარი დოჰერტიმ ქულის მოპოვება არ დაგვაცადა. დოჰერტიმ დუბლინშიც გავიტანა, რობი კინთან ერთად. იმედია, ირლანდიელებთან 2018 წლის შესარცევს სრული უარყოფითი ბალანსით არ შევხდებით - 7 სექტემბერს მათ დუბლინში ვესტუმრებით... ეს თამაში ერთგავრი რეპეტიციაც უნდა გამოდგეს...

უელსის ნაკრებთან კი ჩინებული მოგონებები გვაკავშირებს. პირველი ოფიციალურ მატჩში გამარჯვება სწორედ ამ გუნდთან გვაქვს. 1994 წლის 16 ნოემბერს, "ჯვაროსნებმა" მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს (ქეცბაია 2, ქინქლაძე, გოგრიჭიანი, შოთა არველაძე). 1995 წლის 7 ივნისს, კი კარდიფში გიორგი ქინქლაძის გოლით ვიმარჯვეთ. ბოლოს უელსელებს 2008 წელს ამხანაგურად ვაჯობეთ. ჯეისონ კუმენსის გოლით ბრიტანელები გვიგებდნენ, მაგრამ ჯერ ლევან ყენიამ გაათანაბრა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვება ბექა გოცირიძის ზუსტმა დარტყმამ მოგვიტანა.

სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან თამაშის საშუალება აქამდე არ გვქონია. სამაგიეროდ ახლა გვექნება და დაველოდოთ...

დაველოდოთ და გამოჩნდება რამდენად შეესაბამება ჩვენი ამბიცია, ჩვენივე შესაძლებლობებსა და შნოს...

0.393455