მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა “არმიელთა” რიგები დატოვა. ფორვარდი კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა და თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ეროვნული ნაკრების წევრი.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, რათა შესაძლებლობა მომცეს ევროპის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით მეთამაშა და საუკეთესო ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი. მხოლოდ ერთი რამით ვარ იმედგაცრუებული, ევროლიგის მოგება ვერ შევძელით. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარსა და ადამიანს, რომლებიც მეხმარებოდნენ”, – ციტირებს ოფიციალური გვერდი მანუჩარის სიტყვებს.
მარკოიშვილმა ცსკა-ს რიგებში 42 მატჩი ჩაატარა (10 სასტარტო). საქართველოს ნაკრების წევრი საშუალოდ 15 წუთს თამაშობდა, აგროვებდა 5.7 ქულას, 1.9 მოხსნას, 1.1 გადაცემას და 0.7 ჩაჭრას. გუნდთან ერთად მანუჩარი რუსეთის ჩემპიონი და ვითიბი ლიგის გამარჯვებული გახდა.