წარუმატებელი დღე ჰქონდათ ნაგოიას ბაშოზე მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს. როგორც ტოჩინოშინს, ასევე – გაგამარუს 7-7 მარცხი მოუგროვდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისის სუპერტურნირზე წაფორხილების უფლება აღარ აქვთ.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც ბაშოზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის კომუსუბი მიოგირიუსთან იორიკირით წააგო.
ახლა, ქართველ სუმოისტს დარჩენილი ოთხივე ბრძოლის მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის 1-ლი მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (1-1) გააჩნია.
რაც შეეხება გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც 199 კილოგრამს იწონის, ის დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ამურუსთან (132 კგ.) ასევე იორიკირით დამარცხდა.
ქართველი გოლიათი ნაგოიაში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება, შემდეგი ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტოკიტენკუსთან ელის, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:9 მარცხდება.
დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში იოკოძუნა ჰაკუჰომ ოძეკი ტერუნოფუჯი დაამარცხა და 10 მოგებით იოკოძუნა კაკურიუსთან ერთად გალიდერდა. ამ უკანასკნელმა ოძეკი კოტოშოგიკუს სძლია. 9-9 გამარჯვება შერჩათ ტერუნოფუჯის და სეკივაკე ტოჩიოძანს.
ივლისის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 4:52-დან, ტოჩინოშინის – 7:56-დან