სხვა

15:21 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი 2015: ფესტივალისადმი მიძღვნილი მარკების პრეზენტაცია

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. თბილისი ფესტივალს 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

მარკების პრეზენტაცია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და შპს „საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით შედგა.

შეხვედრას თბილისი 2015-ის მონაწილე სპორტსმენებთან ერთად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, სხვა სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

„სასიხარულოა, რომ ამ მოვლენას ასეთი ლამაზი საფოსტო მარკები მიეძღვნა. დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი სუვენირი ფესტივალის მონაწილეებისთვის და სპორტის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, ხოლო ფილატელისტებისთვის – კარგი საჩუქარი. მსურს მადლობა გადავუხადო ამ საქმის მესვეურებს"! - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

თბილისი 2015-ს ორმარკიანი მცირე ფურცელი და ორი საფოსტო მარკა მიეძღვნა. მათზე ფესტივალის თილისმა ხოხობი და პროგრამაში შესული სპორტის სახეობების სიმბოლოებია გამოსახული. მარკების დიზაინი თამარ დემეტრაშვილმა და გიორგი ქართველიშვილმა შეიმუშავეს.

მარკები საქართველოს ფოსტის საფოსტო განყოფილებებში და სერვის ცენტრებში დღეიდან გაიყიდება. ორმარკიანი მცირე ფურცლის ფასი 4 ლარია, თითო საფოსტო მარკის კი – 2 ლარი.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118482