ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც განახლებულ რეიტინგში მისთვის სარეკორდო 118-ე ადგილზე იმყოფება, დღეს, ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში მიმდინარე ჩელენჯერში ჩაებმება.
ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 42 500 ევროა, ბასილაშვილი მე-6 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში რუს ფილიპ დავიდენკოს ეთამაშება. ეს უკანასკნელი ცნობილი ნიკოლაი დავიდენკოს ძმისშვილია და ძირითადი ბადისკენ გზა კვალიფიკაციიდან გაიკაფა.
თუკი ნიკოლოზმა რუსული ბარიერი დასძლია, მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ ფლორიან მაიერს ეთამაშება, რომელმაც საწყის წრეში ჰოლანდიელ როი დე ვალკს 6:2, 6:1 სძლია.
ისიც ვთქვათ, რომ პირველი რაუნდის დაძლევისთვის 8 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული, შევენინგენის ჩელენჯერის გამარჯვებული კი 90 ქულას მიიღებს.