ამერიკელი 33 წლის სერენა უილიამსი ისტორიაში მეოთხე ჩოგბურთელი გახდა, ვინც შეძლო მიყოლებით 250 კვირის განმავლობაში WTA-ის რეიტინგის სათავეში ყოფილიყო, აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ყველაზე დიდხანს მიყოლებით ქალთა საჩოგბურთო რეიტინგს გერმანელი შტეფი გრაფი ლიდერობდა –377 კვირა, მეორე ადგილზეა მარტინა ნავრატილოვა – 332 კვირა, მესამეზეა კრის ევერტი – 260 კვირა, ხოლო მეოთხე ადგილს სერენა უილიამსი იკავებს.
დღეს გამოქვეყნდა WTA-ის განახლებული რეიტინგი, სადაც სერენა უილიამსი თავის უახლოეს მდევარს რუს მარია შარაპოვას 2-ჯერ მეტი ქულით უსწრებს, თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს, უილიამსისთვის კრის ევერტის შედეგის გამეორება პრობლემა არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ 9 დღის წინ სერენა უილიამსმა უიმბლდონი მეექვსედ მოიგო. სულ კი სერენას დიდი სლემის ტურნირი 21-ჯერ აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით ღია ერაში მხოლოდ გერმანელ შტეფი გრაფს ჩამორჩება, რომელსაც “გრანდ სლემის” 22 ტიტული აქვს მოპოვებული.
გთავაზობთ WTA-ის რეიტინგის პირველ 10 პოზიციას 20 ივლისის მდგომარეობით:
- სერენა უილიამსი 13 191
- მარია შარაპოვა 6490
- სიმონა ჰალეპი 5151
- პეტრა კვიტოვა 5000
- კაროლინა ვოზნიაცკი 4910
- ანა ივანოვიჩი 3835
- აგნეშკა რადვანსკა 3560
- ლუსი საფაროვა 3515
- გაბრინ მუგურუზა 3365
- სუარეს ნავარო 3285