ჩოგბურთი

13:30 | 19.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ფინალშია!

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ჰოლანდიელი დემი შუურსის წყვილმა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მე-4 ნომრადაა განთესილი, ფინალში გასვლა მოახერხა.

BRD Bucharest Open-ის პირველ რაუნდში კალაშნიკოვამ და შუურსმა არგენტინელ მოლინეროს და რუს სოლოვიევას 6:3, 7:5 სძლიეს, მეოთხედფინალში სლოვენიელ კოლარს და ბელგიელ მერტენსს 5:7, 7:6 (7:1), 10:6 სძლიეს, ნახევარფინალში კი უკრაინელი კატერინა ბონდარენკო და ჩეხი ჰრდინოვა დაამარცხეს – 2:6, 6:0, 10:6.

ფინალში, რომელიც დღეს, თბილისის დროით 16:00 საათისთვის დაიწყება, ქართულ-ჰოლანდიური წყვილი რუმინელებს მიტუს და ტიგს გაეჯიბრება. მასპინძლებმა ნახევარფინალში მე-3 ნომრად განთესილ ანა ტატიშვილს (აშშ) და ოლარუს (რუმინეთი) 7:5, 4:6, 10:5 სძლიეს.

ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა. ის რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან 7:5, 0:6, 1:6 დამარცხდა.

ამავე ეტაპზე ფრანგ ფიონა ფეროსთან 1:6, 4:6 წააგო სოფო ქვაცაბაიამ, რომელიც გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის 25-ათასიან ტურნირში ირჯებოდა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ ლატვიელ მარცინკევიჩასთან და უკრაინელ სოტნიკოვასთან პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგეს, თუმცა, შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

0.113684