საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის გადამწყვეტი შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ გამართა, 2:0 იმარჯვა და III ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა.
სან მარინოში კორტზე პირველი ალექსანდრე მეტრეველი გავიდა და ვლადიმერ ივანოვი ორ სეტში 6:3, 7:6 დაამარცხა. გაუჭირდა საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც იურგენ ზოპს სამ სეტში 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა. მესამე შეხვედრის გამართვაზე გუნდებმა უარი განაცხადეს.
ესტონეთის ნაკრებამდე ვოვა გაბრიჩიძის მეთაურობით ქართველებმა ალბანეთი, მალტა და ისლანდია დაამარცხეს. ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ცივაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ჯავახიშვილი შედიოდნენ.