ბელგრადის “პარტიზანსა” და საფეხბურთო კლუბ “დილას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 14 ივლისს, ბელგრადში “დილას” საგულშემატკივროდ ჩასულ ქართულ დელეგაციას “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ საქმიან ვახშამზე უმასპინძლა და შეთანხმებაც იქ გაფორმდა.
სერბული მხარის ინიციატივით გამართულ საქმიან ვახშამს გორის “დილას“ დირექტორი გიორგი ტუღუში, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საქართველოში მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე ესწრებოდნენ.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “პარტიზანსა” და “დილას” შორის პერიოდულად განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სპორტულ და ორგანიზაციულ საკითხებში.
აგრეთვე, “დილას” და “პარტიზანის” ფეხბურთელებს, ისევე როგორც საფეხბურთო აკადემიის მოსწავლე ფეხბურთელებისთვის სერბეთსა და საქართველოში განხორციელდება სპეციალური პროგრამები რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენთა გამოცდილებისა და ცოდნის ამაღლებას.
ნავახშმევს საფეხბურთო კლუბ “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას სტადიონის ინფრასტრუქტურა და მუზეუმი დაათვალიერებინა.
“დილას” პრესსამსახური