საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ დანიის სუპერლიგაში დაბრუნებულ “ორჰუსთან” კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.
“მიხარია, რომ აქ დავრჩი. ეს ყოველთვის მსურდა, რადგან “ორჰუსში” თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. გულშემატკივრების მხარდაჭერა მომწონს და სუპერლიგაში თამაშს მოუთმენლად ველოდები. მინდა გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო” – განაცხადა “ორჰუსის” ვებგვერდთან საუბარში ვაწაძემ, რომელიც დანიურ კლუბში 2012 წლის სექტემბერში გორის “დილადან” გადავიდა და 61 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
“მათესთან კარგი დიალოგი გვქონდა. თავიდანვე ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება გვაინტერესებდა. მიხარია, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და უახლოეს სეზონებში მათე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მეტოქის კარი აღებას შეეცდება”, – თქვა “ორჰუსის” სპორტულმა დირექტორმა იენს ანდერსონმა.
“ორჰუსის” მთავარ მწვრთნელ მორტენ ვირგჰორსტისთვის სასიამოვნოა, რომ ვაწაძემ გუნდში დარჩენა არჩია:
“კარგია, რომ ჩვენი საუკეთესო ბომბარდირი შევინარჩუნეთ. ეს მათეს საშუალებას აძლევს, რომ სუპერლიგაში ჩასატარებელ მომავალ სეზონზე და თავის თამაშზე კონცენტრირებული იყოს”.