ფეხბურთი

10:53 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას 10 ნომინანტი

ევროპული საკლუბო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ უეფამ გასული, 2014-2015 წლების სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. 12 აგვისტოს მათგან გამარჯვებისთვის ბრძოლას მხოლოდ სამი მოთამაშე გააგრძელებს, ხოლო 28 აგვისტოს უეფა თავის რჩეულს დაასახელებს.

გამოსარჩევია, რომ ათი ფეხბურთელიდან რვა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს, "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" წარმოადგენს.

უეფას მიერ რჩეული საუკეთესო ათეული კი შემდეგნაირია:

ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია)

ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ზედიზედ ხუთ მატჩში გოლი არ გაუშვია.

ბუფონმა თავის გუნდთან ერთად სკუდეტო ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

"იუვეს" კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, ხოლო 6 დღის შემდგომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გავიდა მოედანზე და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ და შესარჩევ ეტაპზე 50-ე მატჩი ჩაატარა.

ედენ აზარი ("ჩელსი", ბელგია)

ედენ აზარმა გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა, რაც "ჩელსიში" დიეგო კოშტას შემდგომ საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ხოლო აზარის გუნდმა პრემიერლიგა 2010 წლის შემდგომ პირველად მოიგო.

ბელგიელი შემტევი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა)

22 ნოემბერს, "სევილიასთან" შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდგომ ლიონელ მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთეო ბომბარდირი გახდა. მისმა გუნდმა სამი ტიტული მოიგო და "ტრიპლეტი" შეასრულა, ხოლო მესიმ ყველა ტურნირზე ჯამში 58 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 გატანილი გოლით ბომბარდირობა ნეიმართან და კრიშტინუ რონალდუსთან ერთად გაიყო.

ნეიმარი ("ბარსელონა", ბრაზილია)

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ბოლო გოლი გაიტანა. ისე კი, ტურნირზე 10 გოლით თანაბომბარდირი გახდა.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გოლების გატანა მეოთხედფინალშიც, ნახევარფინალშიც და ფინალშიც მოახერხა.

პოლ პოგბა ("იუვენტუსი", საფრანგეთი)

ახალგაზრდა ფრანგმა იტალიის ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.

ნახევარფინალში კი "რეალთან" გადამწყვეტი გოლის გატანაში დიდ როლი ითამაშა (საგოლე პასი).

ანდრეა პირლო ("იუვენტუსი", იტალია)

ჩემპიონთა ლიგაზე პირლომ მე-100 მატჩი პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" გამართა და იმ მატჩში გოლიც გაიტანა.

პირლო ზედიზედ მესამედ გახდა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი, სეზონი კი სკუდეტოსა და იტალიის თასის მოგებით დაასრულა.

კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია)

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 48 გოლით მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდირობა ორ ფეხბურთელთან ერთად გაინაწილა.

"გრანადას" წინააღმდეგ მატჩში კი მან 5 გოლი გაიტანა, რაც კარიერაში პირველად მოახერხა. სეზონი ზედიზედ სამი ჰეთ-თრიქით დაასრულა ("ესპანიოლთან", ხეტაფესთან" და სომხეთის ნაკრებთან).

ლუის სუარესი ("ბარსელონა", ურუგვაი)

ნეიმართან და მესისთან ერთად სუარესმა შესანიშნავი შემტევი ტრიო შექმნა. მათ ჯამში სეზონში 122 გოლის გატანა მოახერხეს.

კარლოს ტევესი ("იუვენტუსი", არგენტინა)

არგენტინელმა კარლოს ტევესმა სერია A-ში 20 გოლი გაიტანა. ასეთი მაღალი შედეგიანობა კი 2009-2010 წლების სეზონის შემდგომ არ ჰქონია.

ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა 7-ჯერ მოახერხა.

არტურო ვიდალი ("იუვენტუსი", ჩილე)

2 მაისს ვიდალის გოლმა "სამპდორიას" კარში "იუვეს" სკუდეტო ოფიციალურად გაუფორმა.

ჩილეს ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკა მოიგო, რომელშიც 3 გოლი გაიტანა.

უეფას მიერ საუკეთესოდ აღიარებული ფეხბურთელები ბოლო 4 წლის მონაცემებით ასეთია:

ლიონელ მესი (2011)

ანდრეს ინიესტა (2012)

ფრენკ რიბერი (2013)

კრიშტიანუ რონალდუ (2014)

0.128644