ჩოგბურთი

18:30 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გეიმიც კი არ დაუთმეს

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის III ჯგუფის ევროპულ ზონაში თამაში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელებმა ალბანეთი 3:0 გაანადგურეს, თანაც ისე, რომ გეიმიც (!) კი არ დაუთმიათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ალბანელებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში არცერთი მოთამაშე არ ჰყავთ, ეს მოულოდნელი არც ყოფილა. ალექსანდრე მეტრეველმა 6:0, 6:0 არბერ სულსტაროვას მოუგო, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასეთივე ანგარიშით რეი პელუშის სძლია და წყვილთა მატჩშიც “მშრალი” ანგარიში დაფიქსირდა. გიორგი რევაზიშვილმა და გიორგი ცივაძემ ხსენებული პელუში და გენაიდ შიპეჯა არ დაინდეს.

D ჯგუფის მე-2 მატჩში მალტამ ისლანდია დაამარცხა. 16 ივლისს ქართველი ჩოგბურთელები, რომელთაც ვლადიმერ გაბრიჩიძე კაპიტნობს, ისლანდიას ეთამაშებიან, 17-ში კი მალტასთან მატჩია.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში გასვლისთვის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა საჭირო, ფინალისტები კი დევისის თასის II ჯგუფის საგზურს მიიღებენ.

0.115983