ძიუდო

14:28 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

აღიარება ტატამს მიღმა
ინტერვიუ გიორგი ჭანიშვილთან

ძიუდო ქართველებზე მორგებული სპორტი რომაა, ქართველ ძიუდოისტებს ტატამზე არაერთხელ დაუმტკიცებიათ და ევროპისა თუ მსოფლიო დონის ტურნირების მოგებით გულშემატკივარი გაუხარებიათ.

ცოტა ხნის წინ, მათ წარმატებს კიდევ ერთი დაემატა, ამჯერად ტატამს მიღმა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გიორგი ჭანიშვილი პროფესიონალიზმით გამორჩეული პიროვნებაა და ეს ყველა იმ ადამიანმა იცის, ვისაც მასთან თუნდაც მცირედი შეხება ჰქონია. ჯერ კიდევ სპორტის დეპარტამენტში მისი მისვლით, ამ ორგანიზაციის პრესსამსახურის მუშაობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის ყოველთვის აქტიურად ჩართულია საქართველოში გამართულ შიდა თუ საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაში და რამდენიმე წელია სპორტული დიქტორობაც შეითავსა.

ჭანიშვილი სხვა ფედერაციებთან თანამშრომლობის დარად, აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციასაც და თბილისის ძიუდოს გრან პრიზე ქართულ და ინგლისურენოვან დიქტორად გვევლინებოდა. ყველასგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი რეკომენდაციების გარეშე, მისი პროფესიონალიზმი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობამაც შეამჩნია და მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე დიქტორად მუშაობა შესთავაზა.

ის უკვე იმყოფებოდა სამ ტურნირზე - ზაგრების (ხორვატია) და ულანბატორის (მონღოლეთი) გრან პრიზე და აზიის ჩემპიონატზე ქუვეითში, 16 ივლისს მიემგზავრება ტიუმენის გრანდ სლემზე და რაც მთავარია, უკვე მიიღო მიწვევა ძიუდოს უმაღლეს ფორუმზე, აგვისტოში, ასტანაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ჩვენი ქვეყნის აღიარებაა და “მსოფლიო სპორტი” გიორგი ჭანიშვილს გაესაუბრა, რომელიც გახდა პირველი ქართველი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ტურნირებზე დიქტორად მუშაობს.

გიორგი ჭანიშვილი: სპორტულ დიქტორად მუშაობა 2012 წლიდან დავიწყე. სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის თბილისის ეტაპი იმართებოდა და ინგლისურ ენაზე ტურნირის მსვლელობის გამოცხადება პირველად იქ მომიწია ალეკო ჯიბლაძესთან ერთად, რომელიც წლებია ქართულენოვანი სპორტული დიქტორია. სპორტულ დიქტორობის მიმართულებით ჩემი პირველი ნაბიჯიც მაშინ გადაიდგა. მას შემდეგ, თბილისის ძიუდოს ტურნირებზე არაერთხელ მომიწია ამ ფუნქციის შეთავსება.

შემდეგ, სპორტის სხვა სახეობებშიც შემომთავაზეს მუშაობა, 2013 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში და იქაც ინგლისურად ვაცხადებდი ვინ ვის ხვდებოდა, ვინ იმარჯვებდა და ასე შემდეგ. ასევე მიმყავდა გახსნის და დაჯილდოვების ცერემონიალები, 2013 წელს ვიყავი ფუტზალში უეფას თასის ოთხთა ფინალის დიქტორი, 2013 წლიდან ვთანამშრომლობ ფეხბურთის ფედერაციასთან და ვმუშაობ სტადიონის დიქტორად ეროვნული ნაკრების მატჩებზე.

ასევე ხშირად მიწევს თბილისში გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე ყოფნა, სადაც ინგლისურადაა საჭირო გამოცხადება, მათ შორის ვიმუშავე წყალბურთში და ფარიკაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მსვლელობისას, ასევე კარატეს საერთაშორისო ტურნირებზე და ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩებზე.წელს თბილისში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი რომ ჩატარდა, გახსნის ცერემონიალი მიმყავდა, თანაწამყვანებთან ერთად ორჯერ წავიყვანე სპორტის სამინისტროს წლის შემაჯამებელი დაჯილდოვების ცერემონიალი და გამოცდილებაც დამიგროვდა.

რაც მთავარია, თბილისში დიქტორად მომიწია მუშაობა ძიუდის პირველ გრან პრიზე 2014 წელს და ასევე 2015 წელს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სწორედ თბილისის გრან პრის შემდეგ დაინტერესდა ჩემით.

ტურნირი რომ დასრულდა, მათთან მცირედი გასაუბრება მქონდა, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია ჩემით ასე თუ დაინტერესდნენ და ჩავთვალე, რომ ეს გასაუბრება მადლობა იყო კარგად გაწეული სამუშაოსთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე პარიზში მომიწია ჩასვლა ძიუდოს გრანდ სლემზე. სპორტის სამინისტროს ჯგუფი იქ იმისთვის გავემგზავრეთ, რომ თბილისის ტურნირი უკეთ მოგვემზადებინა და ადგილზე გვენახა როგორ მუშაობდნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელები და ფრანგი ორგანიზატორები. ამ ვიზიტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ჩემი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამყარა.როგორც ჩანს, მათი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და ნახეს თუ როგორ ვმუშაობდი ტურნირებზე..

მოკლედ, თბილისის ძიუდოს გრან პრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მათ მიერ ორგანიზებული ტურნირების გაძღოლა შემომთავაზა ინგლისურ ენაზე. ეს ორგანიზაცია წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ტურნირს ატარებს - კონტინენტების ჩემპიონატები, მასტერსი, გრანდ სლემი, გრან პრი და ასე შემდეგ. აპრილისთვეში შემატყობინეს, რომ სურდათ ტრენინგები გამევლო და ასე ვთქვათ სასინჯად, რამდენიმე ტურნირზე მემუშავა.

ასე მიმიწვიეს მაისში ორ ტურნირზე - ხორვატიაში, ზაგრებში, ძიუდოს გრან პრიზე და ქუვეითში აზიის ჩემპიონატზე. ეს იყო ჩემი საგამოცდო პერიოდი. ამ ტურნირებზე მუშაობის სპეციფიკას მასწავლიდნენ. ხორვატიაში ესპანელ ლუის ტორესთან ერთად ვიმუშავე, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მთავარი დიქტორია. ის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი სპორტული დიქტორია, 12 ენაზე საუბრობს და დაახლოებით 10 წელია მისი მთავარი პროფესია სწორედ სპორტული დიქტორობაა. ძიუდოს, კალათბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის და სპორტის სხვა სახეობების მაღალი რანგის ტურნირების უმრავლესობა სწორედ მას მიყავს და უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა. საგამოცდო პერიოდში მის მხარდამხარ მუშაობით მართლა ბევრი რამ შევითვისე და მისი მადლიერი ვარ. სხვათაშორის, ლუისს ძალიან უყვარს ქართველები და ქართულ სიმღერებსაც ხშირად უსმენს ხოლმე, ასევე ქართველი ძიუდოისტის გამარჯვების დროს დარბაზში ქართულ მუსიკას რთავს.ლუის ტორესი თბილისის გრან პრის დიქტორი იყო 2014 და 2015 წლებში. პირველი სადებიუტო გრან პრი ჩვენ ერთად მიგვყავდა.

გამოსაცდელი ტურნირის შემდეგ, შემომთავაზეს უფრო მჭიდრო ურთიერთობა. მითხრეს, რომ საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი თანახმა იყო ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ვიზერს პირადად ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ შევხვდი, რომელმაც ძალზე უშუალოდ მიმიღო, ჩვენს საკომენტატორო აპარატურასთან მოვიდა და კეთილგანწყობის ნიშნად გრან პრიზე დებიუტი ხელის ჩამორთმევით მომილოცა.

ზაგრების და ქუვეითის შემდგომ, მიწვეული ვიყავი მონღოლეთში, ულანბატორში ჩინგიზ ხანის გრან პრიზე, ახლა კი მაქვს მიწვევა ტიუმენში, ძიუდოს გრან სლემზე, სადაც 16 ივლისს მივემგზავრები.

ეს უკვე რანგით უფრო მაღალი ტურნირია. სულ ორიოდე დღის წინ კი საერთაშორისო ფედერაციიდან მივიღე ოფიციალური მოწვევა და აგვისტოს ბოლოს ვიმუშავებ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ასტანა უმასპინძლებს. ეს უკვე უმაღლესი დონის ტურნირია ოლიმპიადის შემდეგ.

- წლებია საქართველოს სპორტის სამინისტროს თანამშრომელი ხართ და რა დამსახურება მიუძღვის ამ ორგანიზაციას თქვენს ასეთ წარმატებაში?

- ჩემთან თანამშრომლობის სურვილი უშუალოდ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან წამოვიდა, თუმცა მე რომ სპორტის სამინისტროში არ მემუშავა და ჩართული არ ვყოფილიყავი სპორტულ ტურნირებში, რა თქმა უნდა ვერსად მოვხვდებოდი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, სამინისტროს სახელით ვიყავით ჩართული თბილისის გრან პრის ორგანიზებაში და ასე მოვხვდი დიქტორად თბილისურ ტურნირებზე, საიდანაც მერე საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღება დავიმსახურე. სპორტის სამინისტროში მუშაობის შედეგად დამიგროვდა დიქტორობის ის გამოცდილება, რომელმაც ასეთ შედეგამდე მიმიყვანა, ასევე, გამოვარჩევ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის როლს, რომელიც მაქსიმალურად მიჭერს მხარს.

- არავინ გაგიწიათ რეკომენდაცია? ცოტა ძნელი დასაჯერებელია ასე რომ მოხდა თქვენი შერჩევა.

- თბილისის გრან პრიზეხელმძღვანელ პირებთან ერთად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მენეჯერები კლაუდიუ ჩიმიუ, ლუისა გალეა და ლისა ალანი, ასევე ფედერაციის საპრეზიდენტო ოფისის დირექტორი ლარისა ქისი იმყოფებოდნენ, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდნენ, თითოეულ დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ყველა ნიუანსს აქცევდნენ ყურადღებას.


ტურნირის მსვლელობისას, სამინისტროს გუნდს, ვინც ჩართულნი ვიყავით გრან პრის ორგანიზებაში მათთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ალბათ სწორედ მათ მოეწონათ ჩემი ხმა და მუშაობის სტილი და უკვე კონკრეტული შემოთავაზებაც მივიღე.ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა განსაკუთრებულმადლობას ვუხდი ასეთი შანსი რომ მომცეს და ყველანაირი პირობა შემიქმნეს.

ჩემი აზრით, არჩევანის ჩემზე შეჩერება ქართული ძიუდოს საერთო წარმატებამაც განაპირობა. საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი პატივს სცემენ საქართველოს. რომ არა ქართული ძიუდოს სიმაღლე, ალბათ ასეთი დიდი დაინტერესება არ იქნებოდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ძალიან უყვართ ქართველი ძიუდოისტები, მათი ჭიდაობის სტილი და პატივს სცემენ ჩვენს ფედერაციას. ვფიქრობ, ამ პატარ-პატარა ნიუანსების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ძალზედ კეთილგანწყობილები იყვნენ კონკრეტულად ჩემს მიმართ.

- როგორც ჩანს, თქვენთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი შემოთავაზება?

- გეთანხმებით, ძალიან მოულოდნელი იყო. მე კომპლიმენტი მეგონა და რეალურად საქმე სხვაგვარად ყოფილა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართველი მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი გახდებოდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინგლისურად გაუძღვებოდა ტურნირებს. ფაქტია, უკვე სამ ტურნირზე ვიყავი და მეოთხე და მეხუთე ტურნირებზე მივემგზავრები, რაც ძალიან მახარებს.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ისწავლეთ განვლილ სამ ტურნირზე?

- ხორვატიაში და მონღოლეთში ლუისთან ერთად ვიმუშავე, ქუვეითში კი მარტოს მომიწია აზიის ჩემპიონატის გაძღოლა. ჩვენთან, საქართველოში მუშაობის სხვაგვარი სტილია, ანუ დიქტორი სხვა ადამიანია და ტურნირს მუსიკალურად სხვა აფორმებს, საერთაშორისო ფედერაციაშიკი ამ ორი საქმის შეთავსება ვისწავლე და ლუის ტორესმაც ამ მიმართულებით ბევრი რამ მომცა.


ტიუმენში ლუისი არ იქნება, მე უნდა ვიყო მთავარი დიქტორი. გრანდ სლემზე მომიწევს გამოცხადებასთან ერთად მუსიკალური ფონის შექმნა, მუსიკის შერჩევა, ჰიმნების გაშვება, დაჯილდოების ცერემონიალის გაძღოლა და ასე შემდეგ. აქ ყველაფერი დროზეა გათვლილი, მნიშვნელოვანია თითოეული წამი და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამოთქვა სპორტსმენების სახელები და გვარები. ამისათვის საგანგებოდ რამდენიმე დღე ვემზადები ხოლმე. ვუსმენ, ამა თუ იმ ქვეყნის ძიუდოისტების გვარები მათსავე მშობლიურ ენაზე როგორ გამოითქმის და ვიმახსოვრებ. თუ რამე გაურკვეველია, მათ პირადად ვეკითხები, ასევე რჩევას ვთხოვ ხოლმე საერთაშორისო ფედერაციის კომენტატორებს და თავად ლუის ტორეს, ისინიამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან და მეც ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

პასუხისმგებლობა დიდია, დარბაზის გარდა, სადაც შეჯიბრებს ათასობით მაყურებელი ესწრება, ეს ტურნირები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტელევიზიით და ინტერნეტით გადაიცემა და შეცდომის დაშვება მაქსიმალურად უნდა გამორიცხო.

- თქვენ უკვე იმუშავეთ ხორვატიაში, ქუვეითსა და მონღოლეთში. რამდენად კარგად იცნობენ ამ ქვეყნებში საქართველოს და როგორ ხვდებიან ქართველ დიქტორს?

- ძიუდოს სამყაროში ქართველებს უდიდეს პატივს სცემენ. მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო გუნდი გვყავს, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონეები. რამდენიმე ჩვენი ძიუდოისტი რეიტინგის სათავეშია, მათ განსაკუთრებულად მოსწონთ ქართველების ჭიდაობის სტილი და როცა იგებენ რომ ქართველი ვარ, სიხარულით მხვდებიან. გარდა ამისა, საერთაშორისო ფედერაციაში უკვე წლებია მუშაობს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე და მისი დამსახურება ძალიან დიდია ჩემს მიმართი კეთილგანწყობა რომაა. სხვათაშორის, 2012 წელს სწორედ ვლადიმერ ნუცუბიძემ შემომთავაზა ძიუდოს თბილისის ტურნირზე დიქტორობა დამეწყო. ასე რომ, მისი წვლილი მნიშვნელოვანია.

- თქვენს მიერ წაყვანილ ტურნირებზე რა წარმატებას მიაღწიეს ქართველმა სპორტსმენებმა?

- ქუვეითში აზიის ჩემპიონატი იყო და იქ ქართველები არ გამოდიოდნენ. ზაგრებში ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა და უზომოდ გავიხარე. მონღოლეთში ქართველები იყვნენ, მაგრამ გადახალისებული შემადგენლობით და სამწუხაროდ, მათ თავი ვერ გამოიჩინეს. ახლა საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და ტიუმენშიც მხოლოდ 2 ძიუდოისტი მიემგზავრება.


ზოგადად, როდესაც ქართველი ჭიდაობს და მარცხდება, მიჭირს ხოლმე გამარჯვებული მოწინააღმდეგის გამოცხადება, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა. სამაგიეროდ, განსაკუთრებული შეგრძნებაა ყოველი მათგანის გამარჯვება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ხშირად მომიწევს ქართული გვარის გამოცხადება და ასევე დიდი იმედი მაქვს საქართველოს ჰიმნის აჟღერებაც.

- განვლილი ტურნირებიდან რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- ყველა ტურნირი თავისებურია, ასევე აღსანიშნავია, რომ იქაური კულტურის გაცნობის საშუალება მეძლევა ხოლმე, რაც ძალიან საინტერესოა.ასევე ვაკვირდები ხოლმე საორგანიზაციო მხარეს.


ყოველთვის საინტერესოა გახსნის ცერემონიალები. საქართველოში ბევრი ტუნირის გახსნა წამიყვანია, მაგრამ ძიუდოს ტურნირებზე მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციებში აღმოვჩნდი.ქუვეითში მაგალითად ინგლისურად მიმყავდა გახსნა და ადგილობრივ დიქტორს არაბულად. შეიხის ოჯახის წევრები იყვნენ მოსულები და რამდენიმე წუთით ყურანი წაიკითხეს. ყველა ქვეყანას თავისი კულტურული მიდგომა აქვს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდისმე გამოვცხადებდი - ახლა მოვუსმინოთ წმინდა ყურანის კითხვას. მონღოლეთში გახსნის ცერემონიალზე ადგილობრივ ფოლკლორი იყო წარმოდგენილი და აქაც მონღოლ წამყვანთა ერთად მიწევდა მუშაობა.გახსნის ცერემონიალი ამ მხრივ ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ხოლმე, რადგან სხვა ქვეყნის კულტურის ნაწილი ხდები.

- ყველაზე მაღალი დონის ტურნირი, როგორც სპორტული, ასევე საორგანიზაციო კუთხით სად ჩატარდა და ჩვენ რა დონეზე ვართ მათთან მიმართებაში?

- ზაგრების და ულანბატორის გრან პრი თბილისის დონის ტურნირები იყო. ახლა სადაც მივდივარ, ტიუმენის გრანდ სლემი, წესით ყველაზე მაღალი დონის უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ზოგადად, საერთაშორისო ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ საორგანიზაციო საკითხები უმაღლეს დონეზე იყოს და ადგილობრივ ფედერაციებთან ერთად მაქსიმუმი კეთდება. ყველა დეტალი, წვრილმანი გათვლილია, გახსნით დაწყებული დახურვით დასრულებული. ყველაფერი წუთობრივადაა გათვლილი და მთლიანობაში ძალიან კარგი სანახაობა გამოდის. მაყურებელი არა მხოლოდ კარგ ძიუდოს ნახულობს, დადებით ემოციებს იღებს. საქართველომ ორჯერ უმასპინძლა გრან პრის. შემდეგი ტურნირი 2016 წელს ახალ აშენებულ დარბაზში ჩატარდება, რომელიც 13 ივლისს გაიხსნა და დარწმუნებული ვარ, ის წინამორბედებზე უფრო მაღალი დონის იქნება. იქ სამი ტატამიც დაეტევა და ყველანაირი პირობებია შექმნილი. მართალია ახალ დარბაზში სპორტის სასახლეზე ნაკლები მაყურებელი ეტევა (3600), მაგრამ ეს იმის წინაპირობაცაა, რომ ტურნირები დილიდან საღამომდე სრული ანშლაგით ჩაივლის.

- ყველაზე გათვითცნობიერებული რომელი ქვეყნის მაყურებელი იყო?

- ულანბატორში ძალიან უყავრთ ძიუდო და ყველა ნიუანსს აქცევდნენ ყურადღებას, ისე, როგორც ჩვენთან. სადაც ძიუდოს ტრადიციაა, იქ ყველგან ესმის გულშემატკივარს რა ხდება ტატამზე. ვფიქრობ, გულშემატკივრობა ჩვენთან მაინც განსაკუთრებულია, ვიდრე ზემოთ ნახსენებ სამ ქვეყანაში.

- წელსსამი ტურნირი უკვე იყო და წინ კიდევ სამი გელით. რამდენ ხანს გაგრძელდება საერთაშორისო ფედერაციასთან თქვენი თანამშრომლობა?

- იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება.წელს ტიუმენის გრანდ სლემისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ასევე მიწვეული ვარ კორეაში გრან პრიზე, რომელიც ნოემბრის მიწურულს ტარდება.მომავალი წლის კალენდარი უკვე გამომიგზავნეს და ვმუშაობთ ტურნირების შერჩევაზე, ანუ მომავალ წელსაც ვითანამშრომლებთ. ძიუდოს ტურნირების ინტენსივობა ძალიან მაღალია, თვეში ორჯერაც იმართება ხოლმე ასეთი დონის ტურნირები. მე საქართველოს სპორტის სამინისტროში ვმუშაობ, ჩემი მთავარი საქმიანობა სწორედ სამინისტროს პრესსამსახურში ყოფნაა და საქმიდან გამომდინარე, ძიუდოს ყველა ტურნირზე გამგზავრებას ვერ მოვახერხებ, თუმცა საერთაშორისო ფედერაციის ყველა მოწვევას სიხარულით და რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობით ვიღებ.ასევე მახარებს, რომ დიდ მხარდაჭერას და გულშემატკივრობას ვგრძნობ როგორც ჩვენი სამინისტროს და ძიუდოს ფედერაციის, ასევე ნაკრების წვრების და ჩემი კოლეგების, ჟურნალისტების მხრიდან.

0.346502