ფეხბურთი

13:38 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: “თამაში არ უნდა წავაგოთ და კმაყოფილების განცდა ეს იქნება” (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანთან” სტუმრად გასამართი მატჩის წინ, გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი მატჩის არწაგება დააკმაყოფილებს.

აგრეთვე, პრესკონფერენციას გორელთა საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე, სოსიაშვილის თანაშემწე სერბი მილოვან მატიასევიჩი და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ვარლამ დარსაძე ესწრებოდნენ. დარსაძე ქართულიდან რუსულად უთარგმნიდა მატიასევიჩს, ხოლო ეს უკანასკნელი “დილას” თავკაცის ნათქვამს სერბ ჟურნალისტებს ამცნობდა.

უჩა სოსიაშვილი: “მივესალმები აქ მყოფ ჟურნალისტებს და მთლიანად ბელგრადს. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვა. ჩვენ დიდ კლუბს ვეთამაშებით როგორიც “პარტიზანია”, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. ძალიან წარმატებული გუნდია, რომელსაც დღესდღეობით იდეალური ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ მთავარი მიზანი შევასრულეთ და ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდით. რა თქმა უნდა, მომავალ თამაშს დიდი ინტერესით ველოდებით და გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვა”.

-მომავალ მატჩზე რას ფიქრობთ?

ირაკლი მოდებაძე: “ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება. ვიცით, რომ “პარტიზანი” ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენსას ვეცდებით და დანარჩენს თამაში აჩვენებს”.

-ბელგრადში ასე ადრე რატომ ჩამოხვედით?

სოსიაშვილი: “ვიცოდით, რომ ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ქალაქი იყო. საუკეთესო სასტუმრო დაგვახვედრეს. ძალიან გვინდოდა ადრე ჩამოვსულიყავით და კარგ პირობებში ვყოფილიყავით. გარდა ამისა, ბელგრადში მაღალი ტემპერატურაა და ადაპტაციის დროულად გავლა გვსურდა”.

- “პარტიზანის” თამაში ნანახი გაქვთ?

სოსიაშვილი: “რა თქმა უნდა, ნანახი მაქვს. თითოეული თამაშის შესახებ რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა ინფორმაცია მაქსიმალურად მოვიპოვეთ. ჩემზე ძალიან ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ვიცით, რომ “პარტიზანის” სახით, როგორც ტექნიკურად, ასევე, ტაქტიკურად ძლიერ გუნდს ვეთამაშებით.

-TVS-ის ჟურნალისტის მირანდა სურმანიძის კითხვა: სამწუხაროდ, “პარტიზანის” მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გამოვტოვეთ, რადგან მასპინძლებს ეგონათ, რომ მეტოქის პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტი არ იქნებოდა. პარტიზანის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გორის “დილამ” სამი ამხანაგური მატჩი გამართა, მაგრამ მისთვის მათი ნახვა ხელმისაწვდომი არ იყო. ბატონი უჩა, “პარტიზანის” შესწავლა თქვენ თუ მოახერხეთ?

სოსიაშვილი: “პირველ ყოვლისა, ქართულ მიკროფონს გადმოვდებ. დარწმუნებული ვარ, რომ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად მოიძიებდა იმ ინფორმაციას, რაზეც ხელი მიუწვდებოდა და თამაშს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება. რაც შეგვეხება ჩვენ თუ რამდენად შევისწავლეთ, “პარტიზანის” 5 თამაში ვნახეთ. მეტოქის მენტალიტეტი, ტექნიკური და ტაქტიკური საშუალებები ვიცით. ვიტყოდი, რომ ამ კუთხით უპირატესობა გვაქვს, რადგან მეტოქეზე მეტი ინფორმაცია მოვიპოვეთ”.

-სერბულ პრესაში ინფორმაცია იყო, რომ “ჩუკარიჩკის” ბაზაზე ვარჯიშობდით?

მილოვან მატისევიჩი: “არა, “ჩუკარიჩკის” ბაზაზე არ გვივარჯიშია”.

- “პარტიზანში” ყველაზე სახიფათო რომელი ფეხბურთელია?

სოსიაშვილი: “ზოგადად “პარტიზანი” კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მის შემადგენლობაში ყველას დიდი როლი აკისრია. ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება, რადგან ძალიან გუნდურად თამაშობს და ინდივიდუალისტების ნაკლებობას არ განიცდის”.

-“პარტიზანის” კაპიტანი თქვენზე 12 წლით დიდი რომაა თუ იცით?

მატიასევიჩი: “დიახ, ვიცით”.

-მომავალ მატჩში გორის “დილას” რა შედეგი დააკმაყოფილებს?

სოსიაშვილი: “თამაში არ უნდა წავაგოთ და კმაყოფილების განცდა ეს იქნება”.

-მომავალ სეზონში გუნდს რა ამბიცია ექნება, რადგან ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატა?

სოსიაშვილი: “გუნდს ამბიცია ექნება, რომ ჩემპიონი გახდეს და საქართველოს თასი მოიგოს”.

“პარტიზანი” – “დილას” მატჩი 14 ივლისს ბელგრადში “ინა სტადიონზე” გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. არცერთი ქართული არხი მის რეპორტაჟს არ გეგმავს. როგორც გადაცემა “არენას” წამყვანმა დავით მინაშვილმა ორშაბათს გაანცხადა, სერბულ მხარესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და ამიტომ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” თამაშს ვერ აჩვენებს.

0.203792