უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის პროცესი ღამის განმავლობაში ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.
გაყიდვის 20-საათიანი პროცესის ბოლოს კი, უბილეთო გულშემატკივრებმა, ფეხბურთის ფედერაცია ათასობით ბილეთის მითვისებაში დაადანაშაულეს.
უბილეთოდ რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა, რაც ვაკის პარკში შეკრებილებმა გააპროტესტეს.
გულშემატკივრებმა ფეხბურთის ფედერაცია ბილეთების არასწორად გაყიდვაში დაადანაშაულეს. მოხდა ინციდენტიც, რომლის დროსაც სიებში ჩაწერილები და ღამით მისული გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. ”ცოცხალ რიგში” მყოფები განმარტებებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მოითხოვდნენ. იყო ადგილზე არსებული ბარიერის გარღვევის მცდელობაც.
სპეციალურ სიებში 50-კაციანი 120 ჯგუფი იყო, მათგან 40 ჯგუფი ბილეთების გარეშე დარჩა. სალაროებთან მისვლა ვერ შეძლეს ”ცოცხალ რიგში” მყოფმა მოქალაქეებმაც.
უკმაყოფილო გულშემატკივარმა ვაკის პარკიდან ფეხბურთის ფედერაციასთან გადაინაცვლა. ისინი ზვიად სიჭინავასა და ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე ათასი ბილეთის მითვისებაში ადანაშაულებენ. აქციის გამართვა ფედერაციასთან დღეს ისევ იგეგმება.
ფედერაციასთან გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს ლაშა დვალიშვილი. 20-საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ, უეფა-ს სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, სამწუხაროა, ვინც ვერ შეძლო ბილეთების შეძენა.
"ერთი რაც შემიძლია დადასტურებით ვთქვა, ფედერაციას არც ერთი ბილეთი მითვისებული არ აქვს", - განაცხადა დვალიშვილმა.
მატჩზე დასასწრები ბოლო ბილეთი 05:15 საათზე გაიყიდა. სულ 22 089 ბილეთის რეალიზაცია მოხდა.
interpressnews.ge