ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა სტამბოლის ზედიზედ მე-2 10-ათასიანი ტურნირი მოიგო, რაც მოახლოებული დევისის თასის მატჩების წინ, უდავოდ, იმედისმომცემი ამბავი უნდა იყოს.
მეტრეველი თურქულ შეჯიბრზე მე-8 ნომრად იყო განთესილი და 5 მატჩის მოგება მოახერხა. ალექსანდრემ ავსტრალიელი დანიელ ჰობარტი – 7:6 (7:3), 6:0, იტალიელი მატეო ტინელი – 6:3, 6:3, ბელარუსი დმიტრი ჟირმონტი (მე-2 განთესვა) – 6:4, 6:0 და თურქი ჩემ ილკელი (მე-6) – 6:1, 4:6, 6:3 დაამარცხა, ფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე ბელარუს ეგრო გერასიმოვს მოუგო – 6:3, 6:3.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელებს სანაკრებო ამბები მომავალ კვირაში ელით. მეტრეველი, ნიკოლოს ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი კაპიტან ვლადიმერ გაბრიჩიძესთან ერთად, სან-მარინოში გაემგზავრებიან და დევისის თასის III ჯგუფის ევროპული ზონის მატჩებში ითამაშებენ.