საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ქართული ელექტრონული მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015"-ისთვის აშენებულ ახალ ობიექტებზე ესაუბრა.
ხაბელოვმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თავდაპირველი გეგმის თანახმად თბილისში უნდა გარემონტებულიყო უკვე არსებული არენები, რომელთა დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია.
ამის ნაცვლად აშენდა და ქალაქს შეემატა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ექვსი სრულიად ახალი ნაგებობა: 10 ივლისს გახსნილი „ოლიმპიური პარკის" ოთხი სარბიელი (ტანვარჯიშისა და ფრენბურთის არენები, საცურაო კომპლექსი, მძლეოსნობის სტადიონი), საჩოგბურთო კომპლექსი და ხელბურთის არენა. გარდა ამისა, გარემონტდა კიდევ რამდენიმე ობიექტი.
“მინდა ყველას მივულოცო ექვსი ახალი ობიექტის დასრულება, - თქვა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, - ახლა, საქართველოს აქვს სავიზიტო ბარათი. ამიერიდან თბილისს თამამად შეეძლება შეიტანოს განაცხადი ახალი შეჯიბრებების მასპინძლობაზე.
ექვსი ახალი ობიექტის მშენებლობა თავდაპირველად არ იგეგმებოდა, მაგრამ ცენტრალური და თბილისის მერიის ბიუჯეტების დაფინანსებითა და ამ საქმეში ჩართული ადამიანების დიდი ძალისხმევის წყალობით, ჩვენმა სპორტმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია”.
www.geonoc.org.ge