ჩოგბურთი

18:53 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უიმბლდონის ტრიუმფატორია (+VIDEO)

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი უიმბლდონის 2015 წლის გათამაშების ჩემპიონი გახდა. უმცროსმა უილიამსმა ფინალში გარბინე მუგურუზა ბლანკო საკმაოდ იოლად, ანგარიშით 6:4 6:4 დაამარცხა. ინგლისის პრესტიჟული ტურნირი ამერიკელმა მეექვსედ მოიგო.

განვლილ მატჩში სერენამ 12 ეისი მოაწოდა, ხოლო მუგურუზამ – 3. სამაგიეროდ ორმაგ შეცდომებში ამერიკელი ლიდერი გახლდათ (8), ესპანელმა კი მხოლოდ ორჯერ დაკარგა გაუთამაშებლად ქულა. უილიამსმა 10 ბრეკპოინტის შესაძლებლობიდან 7 გამოიყენა, რამაც მატჩის მოგება განაპირობა. ევროპელმა 8 შანსიდან მხოლოდ 3 შემთხვევაში იყოჩაღა.

სერენამ ზედიზედ მესამე დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა. სეზონის სტარტზე მან ავსტრალიის პირველობაზე იმარჯვა, რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ღია ჩემპიონატშიც შეძლო გამარჯვება. ამერიკის ღია პირველობაზე კი აქვს შანსი ერთ წელიწადში ყველა დიდი სლემი დააჭაშნიკოს და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ჩოგბურთელ შტეფი გრაფს გაუთანაბრდეს. გერმანელმა 1998 წელს ოთხივე ტურნირი მოიგო.

აგრეთვე სერენამ რიგით 21-ე დიდი სლემი მოიგო და ახლა მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება შტეფი გრაფს (22 დიდი სლემი).

აღნიშნული მოგებით სერენა 33 წლის და 288 დღის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული დიდი სლემის მომგები ჩოგბურთელი ქალი. წინა რეკორდი ლეგენდარულ მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნოდა, რომელმაც უიმბლდონი 33 წლის და 263 დღის ასაკში მოიგო.

მუგურუზა 9 თვის ბავშვი გახლდათ, როდესაც უიმბლდონი ესპანეთის წარმომადგენელმა ბოლოს მოიგო - 1994 წელს. მაშინ ტრიუმფატორი კონჩიტა მარტინესი გახდა. გარბინეს შანსი ჰქონდა 21-ე საუკუნეში უიმბლდონის პირველი ესპანელი გამარჯვებული გამხდარიყო.

სერენა დიდი სლემის ფინალში 25-ჯერ გავიდა, აქედან 21 მოიგო, ოთხჯერ კი 2001 და 2008 წლებში ვინუს უილიამსთან (ამერიკის ღია პირველობა, უიმბლდონი), 2004 წელს მარია შარაპოვასთან (უიმბლდონი), ხოლო 2011 წელს სამანტა სტოსურთან (ამერიკის ღია პირველობა) წააგო.

0.152625