ფეხბურთი

11:06 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” “ვიტესის” გაძლიერებას განაგრძობს

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “არისტოკრატებმა” ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას არნემის “ვიტესში” იზი ბრაუნი და ახალწვეული ნათანი ერთი წლით გაანათხოვრა.

ინგლისელი და ბრაზილიელი ჰოლანდიურ გუნდში რიგით მე-16 და მე-17 განათხოვრებული ფეხბურთელები გახლავთ. მიმდინარე წლის ზაფხულში “არისტოკრატებმა” “ვიტესი” კიდევ ერთი ფეხბურთელით ლუის ბეიკერით გააძლიერეს.

გთავაზობთ ინგლისური გრანდიდან არნემულ გუნდში განათხოვრებული ფეხბურთელების სია: ნემანია მატიჩი, სლობოდან რაიკოვიჩი, მატეი დელაჩი, ტომაშ კალასი (ორჯერ), ულისეს დავილა, პატრიკ ვან აანჰოლტი (სამჯერ), გაელ კაკუტა, კრისტიან კუევასი, ლუკას პიაზონი, კრისტიან ატსუ, სემ ატკინსონი, უოლასი, ბერტრანდ ტრაორე, ჯოშ მაკიჩრენი, ლუის ბეიკერი, იზი ბრაუნი, ნათანი.

იზი ბრაუნს გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა. ინგლისელმა “ჩელსის” ახალგაზრდულ გუნდთან ერთად უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბრაუნმა კი ფინალში “შახტარის” წინააღმდეგ მოგებულ (3:2) მატჩში ორი გოლი გაიტანა.

ნათანი “ჩელსიმ” მიმდინარე წლის ზაფხულში “ატლეტიკო პარანაენსედან” დაიმატა. შემტევი ნახევარმცველი ბრაზილიური გუნდის რიგებში 13 შეხვედრაში გამოჩნდა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბრაზილიის 17 და 19-წლამდელ ნაკრებში ნათანმა ჯამში 19 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

0.130483