დასრულდა საზაფხულო არდადეგები და ფაქტობრივად ყველა ევროპულმა კლუბმა წინასასეზონო მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. განსაკუთრებით ადრე შეკრება იმ კლუბებს მოუწიათ, რომლებიც ევროტურნირებზე ადრეულ ეტაპზე ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი კლუბია თურქული “ტრაბზონი”, რომლის მიმართ ქართველის გულშემატკივრების ინტერესი შოთა არველაძის გამო მკვეთრად გაიზარდა.
შავი ზღვისპირელები წინასასეზონო მომზადებას ჰოლანდიაში გადიან. ისინი თურქეთში 13 ივლისს დაბრუნდებიან და სამ დღეში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ჩაატარებენ შინ. მათი მეტოქე ლუქსემბურგული “დიფერდანჟი” იქნება.
მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა ქართველმა მწვრთნელმა და აღნიშნა, რომ მეტოქე უნდა დააფასონ და ბოლომდე დაიხარჯონ.
“დიფერდანჟი” იოლი მეტოქე არაა. რასაკვირველია, მსოფლიოში მასზე ძლიერი ბევრი კლუბია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი გუნდია. ჩვენ მათ წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ სეზონი საკუთარი გულშემტკივრების წინაშე წარმატებულად დავიწყოთ.
ეს მატჩი იქნება თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი იმ ფეხბურთელთათვის, რომელთაც “ტრაბზონში” დარჩენა სურთ. “დიფერდანჟთან” შეხვედრები ასევე იდეალური იქნება ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად” – აღნიშნა შოთამ.
საუბრის ბოლოს არველაძემ მომავალ სუპერლიგაზეც ისაუბრა.
“თურქეთის ჩემპიონატის მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლები გაიმართება. მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან, თუმცა ტიტულისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ”, - ციტირებს 42 წლის სპეციალისტის სიტყვებს Goal.Com–ის თურქულენოვანი ვებგვერდი.
არველაძე მართალია, მის კლუბს ძალიან სერიოზული მეტოქეები ჰყავს: “ფენერბახჩეს”, “გალათასარაისა” და “ბეშიქთაშის” სახით, რომლებიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდნენ, თუმცა დროს უქმად არც შავი ზღვისპირელები კარგავენ.
“ტრაბზონმა” ჯერ კიდევ შოთა არველაძის დანიშვნამდე “სევილიადან” გაიფორმა ცენტრალური ნახევარმცველი სტეფან მ’ბია, ხოლო გუშინ “ლაციოდან” მარჯვენა მცველი ლუის პედრო კავანდა დაიმატა. გარდა ამისა, თურქულმა კლუბმა შეიძინა: ოქაი იოკუსლუ (“კაისერსპორი” 2 მლნ ევრო – ცენტრალური ნახევარმცველი), იოზერ ჰურმაჯი (“ქაშიმფაშა” 1.5 მლნ ევრო – შემტევი ნახევარმცველი), ალფერ ულუდაგი (“კაისერსპორი” 1 მლნ ევრო – მარცხენა მცველი).
სატრანსფერო ფანჯარა ჯერ მხოლოდ 10 დღეა, რაც გაიხსნა და თურქული პრესის ცნობით, “ტრაბზონი” კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. შოთა არველაძეს თავდამსხმის გაძლიერება სურს და ამისთვის სამი კანდიდატი ჰყავს შეგუებული: იბრაჰიმ აფელაი (თავისუფალი აგენტი), ჯონ გუიდეტი (თავისუფალი აგენტი) და პაპის დემბა სისე (“ნიუკასლი”).
ცნობისთვის, “ტრაბზონში” ისეთი ცნობილი მოთამაშეები ირიცხებიან, როგორებიც არიან: კევინ კონსტანტი, ჟოზე ბოსინგვა, ოსკარ კორდოსო, მეჰმეთ ეკიჩი და ერქან ზენგინი.
შეგახსენებთ, რომ თურქულ კლუბში შოთა არველაძის თანაშემწე გიორგი დევდარიანი იქნება.