საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო" აზერბაიჯანულ "გაბალასთან" მატჩისას ტრიბუნებზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და თავის ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა. ამავდროულად, "დინამო" მადლობას უხდის იმ გულშემატკივრებს, რომლებიც თბილისდან გაბალაში გუნდის საქომაგოდ ჩავიდნენ.
"არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ გუშინ გაბალას სტადიონზე მომდარ ფაქტებს, რომელთა დროული აღკვეთა, თბილისური მატჩისგან განსხვავებით ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.
90 წუთის განმავლობაში სტადიონზე რთული ვითარება იყო და მატჩის მიმდინარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იდგა, რასაც ხელს უწყობდა მაყურებელთა უკონტროლო ჯგუფების პროვოკაციული ქმედებები. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა ქვეყნისა და კლუბის შეურაცხმყოფელი დროშები, რომლებიც უეფას დელეგატების მითითებისა და ჩამორთმევის შემდეგ კიდევ ორჯერ დაბრუნდა ტრიბუნაზე. ხოლო მატჩის შემდეგ ადგილობრივმა ქომაგებმა ჩაამსხვრიეს თბილისელ გულშემატკივართა ავტობუსის მინები.
ზემოხსენებულ ფაქტზე არსებობს ფოტო და ვიდეო მასალები, რაც უეფას სადისციპლინო კომიტეტს გაეგზავნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გუშინ მომხდარ მოვლენებს სრული სიმკაცრით მოეკიდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეტოქე გუნდის ხელმძღვანელობაც ადექვატურ შეფასებას მისცემს და დაგმობს გუშინდელ ქმედებებს.
იმედია, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტების წახალისება არ მოხდება და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეჯიბრებები სპორტულ პრინციპებს არ გასცდება", - ნათქვამია "დინამოს" განცხადებაში.