კალათბურთი

16:04 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა მარცხისთვის რევანში აიღეს

ესტონეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მასპინძლებთან 2 ამხანაგური მატჩი გამართა და თუკი პირველში 3 ქულის სხვაობით (81:84) დამარცხდა, მეორეში ღირსეული რევანშის აღება მოახერხა – 82:67.

პირველ მატჩში თავიდან ბოლომდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. საწყისი მეოთხედი მასპინძლებმა 25:23 მოიგე, მეორე ათწუთეული კი ფრედ – 19:19 დასრულდა. დაძაბული თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. 75:74, 79:78, 82:79 – ასეთი იყო ბოლო წუთების ანგარიშის ქრონოლოგია. საბოლოოდ, ესტონელებმა 3 ქულით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 21 ქულით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა, დავით ლომიძემ კი პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა. 10-ქულიანი ზღვარი ლევან გოგალაძემაც დასძლია, რომელმაც 14 ქულა და ქართველთაგან უმეტესი – 7 მოხსნა მიითვალა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ქართველთა ნაკრებმა მე-2 თამაშში გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მასპინძლებს 15-ქულიანი უპირატესობით სძლია. ქართველებმა ესტონელები მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 12 ქულით – 27:15 მოიგეს, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა: საქართელოს ნაკრები დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულით – 40:39 იგებდა.

სტუმართა რიგებში 19 ქულით ბომბარდირი გიორგი ცირეკიძე გახდა, 11 ქულა და 20 მოხსნა ლადო ფურცხვანიძემ მიითვალა, 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან გოგალაძემ.

საქართველოს ნაკრები შინ დღეს გამოემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს, სადაც 15 და 16 ივლისს უკრაინის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 9 ივლისი

ესტონეთი 84:81 საქართველო (25:23, 19:19, 21:18, 19:21)

სრული სტატისტიკა: 84:81

18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 10 ივლისი

ესტონეთი 67:82 საქართველო (14:12, 25:28, 15:27, 13:15)

სრული სტატისტიკა: 67:82

www.gbf.ge

0.147163