საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას საკუთარ ქალაქში ჩაატრებს. ამის შესახებ "დილას" ვებგვერდი იუწყება. აღნიშნული მას შემდეგ გადაწყდა რაც "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონს უეფას წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და გარკვეული რეკომენდაციებიც მიაწოდა.
უეფას ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნასთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურის "L იოლის" ფუნქციონირების ორი დღით შეჩერება. "დილას" თხოვნის შემდგომ ბენზინგასამართმა სადგურმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
21 ივლისამდე კი შეიღებება სტადიონის სამხრეთით არსებული კედელი და ელექტრონული ტაბლოც განახლდება. როგორც "დილას" პრესსამსახური იტყობინება, პრაქტიკულად მზადაა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ოთახები, ხოლო თამაშის დღეს "ბურჯანაძეზე" 100 მეგაბაიტი წამში სიჩქარის ინტერნეტიც იქნება.
"საფეხბურთო კლუბ "დილას" განვითარება გრძელდება და მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა კლუბს ორგანიზაციული კუთხით შეუძლია. ქალაქ გორში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში უდიდესი მიღწევაა ისეთი მცირე ბიუჯეტიანი გუნდისთვის, როგორიც "დილაა", თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებულ მიღწევას დავჯერდეთ", - განაცხადა "დილას" დირექტორმა გიორგი ტუღუშმა.
"დილა" ბელგრადის "პარტიზანს" 21 ივლისს უმასპინძლებს, მანამდე კი მეტოქეს 14 ივლისს ესტუმრება. "დილა" უკვე სერბეთის დედაქალაქშია და მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.