ფეხბურთი

19:23 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” გადამწყვეტი მატჩის წინ

რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მასპინძელი კლუბისა და “დინამო თბილისის” დაპირისპირება დაიწყება. საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” წარმომადგენლებთან ერთად მწერალი ჟურნალისტები გაბალას ვეწვიეთ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის გადალახვის შემდეგ უდაბნოს ტიპის ტერიტორია გავიარეთ. მას შემდეგ კი რაც სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქ განჯას გავცდით და გაბალას მივუახლოვდით მთიანი ტერიტორია გამოჩნდა. სტადიონთან მისასვლელი გზა, მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ სტადიონთან ახლოს დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

მცირე ხნით ქალაქ განჯაში შევჩერდით, სადაც ადგილობრივ გულშემატკივრებთან გამოლაპარაკებისას აღმოჩნდა, რომ ისინი “გაბალას” და “დინამოს” დაპირისპირებაში ქართველთა მხარეს არიან. “ჩვენ “ქაფაზის” ქომაგები ვართ და დღევანდელ მატჩში “დინამოს” გამარჯვება გვსურს” – გვითხრეს მათ.

თვალშისაცემი იყო გზებზე და ქუჩებში არსებული სისუფთავე. განსაკუთრებით ალბათ საქართველოდან ჩასულთათვის, რადგან ჩვენთან ეს დღემდე პრობლემად რჩება.

გია გეგუჩაძის გუნდი საკმაოდ რთული მატჩის მოლოდინშია. მცირე ზომის სტადიონს თითქმის ყველა მხარეს აქვს ტრიბუნები, ტრიბუნებისა და გაზონს შორის კი მცირე დაშორებაა, რაც გულშემატკივრებს კიდევ უფრო მისაღებ ვითარებაში ამყოფებს. როგორც ამბობენ ხოლმე ე.წ. ინგლისური ტიპის სტადიონია.

გაბალას აქვს საკუთარი აეროპორტი. როგორც წესი პროვინციული დასახლების კლუბებს ხშირად აქვთ აეროპორტის პრობლემა, თუმცა “გაბალასთვის” ეს საკითხი მოხსნილია.

ასევე გეტყვით, რომ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე “გაბალას” სპორტულმა დირექტორმა ტონი ადამსმა მინდვრის საფარის მომვლელები დააჯილდოვა, რომლებმაც გამოცდილება ინგლისში მიიღეს, შემდეგ კი “გაბალას” სტადიონისთვის ნაყოფიერად იმუშავეს.

“დინამოს” ოფიციალური ფან-კლუბი “გლადიატორები” მატჩამდე მცირე ხნით ადრე ეწვიენ გაბალას და უკვე სტადიონის ტრიბუნებზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ “გაბალასა” და “დინამო თბილსის” დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოერბივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

დიმა შარიქაძე, სპეციალურად worldsport.ge-სთვის გაბალადან

1.432537