12 ივლისს, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები გეზს სან-მარინოსკენ აიღებს, სადაც 15-18 ივლისს დევისის თასის III ჯგუფის ევროპული ზონის მატჩებია დაგეგმილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ითამაშებენ, კაპიტანი კი ვლადიმერ გაბრიჩიძე იქნება.
ევროპულ ზონაში ქართველთა გარდა მასპინძელი სან-მარინო, ალბანეთი, კვიპროსი, მაკედონია, საბერძნეთი, ლიხტენშტეინი, ჩერნოგორია, სომხეთი, ესტონეთი, ისლანდია, მალტა და ნორვეგია ითამაშებენ, თუმცა, ნაკრებები ჯგუფებში როგორ გადანაწილდებიან, ჯერჯერობით, უცნობია.
გუნდების მიერ წარმოდგენილ განაცხადებში ყველაზე ცნობილი უდავოდ მარკოს ბაღდატისია. 30 წლის კვიპროსელი ჩოგბურთელი 2006 წლის ივლისში მსოფლიოს მე-6 ჩოგანიც კი გახლდათ, ამჟამად კი, რეიტინგში 54-ე ადგილი უკავია.
ნათელია, რომ მომავალ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი დევისის თასის II ჯგუფში გადასვლა იქნება, ამისთვის კი სან-მარინოში შეკრებილ 13 გუნდში ორ საუკეთესოში მოხვედრა იქნება საჭირო.
შეჯიბრის ფორმატი ამგვარია: ნაკრებები სამ 3-გუნდიან და ერთ 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან, გამარჯვებულები კი ნახევარფინალებში დაწყვილდებიან და ფინალისტების ვინაობას გაარკვევენ, რომელთაც ზედა დივიზიონში აღზევება გარანტირებული ექნებათ.