დღეს, უნგრეთის ქალქ შეკეშფეჰერვარში სტარტს აიღებს 20-წლამდელთა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქართველებს პირველი შეხვედრა 10 ივლისს აქვთ, დღეს კი, ჯგუფში მეტოქეებზე დაკვირვების საშუალება ექნებათ.
ტურნირის ფორმატი ასეთია: 18 ნაკრები ოთხ ჯგუფშია განაწილებული (შექმნილია 2 ხუთგუნდიანი და 2 ოთხგუნდიანი ჯგუფი), ორ-ორი საუკეთესო კი მე-2 ჯგუფურ რაუნდში გაღწევს. ამ ეტაპზე შექმნილი ოთხეულებიდან ნახევარფინალში ისევ ორ-ორი მოწინავე გავა, საბოლოოდ, ყველა ადგილი გათამაშდება, A დივიზიონში ასპარეზობის უფლებას კი პირველ-მესამე პოზიციებზე გასული ნაკრებები მიიღებენ.
დავით უსტიაშვილის მიერ გაწვრთნილი ქართველი 20-წლამდელები B ჯგუფში მოხვდნენ და ასეთი განრიგი აქვთ: 10 ივლისი – საქართველო-ლუქსემბურგი, 11 ივლისი – პორტუგალია-საქართველო, 12 ივლისი – საქართველო-კოსოვო, 13 ივლისი – ჩერნოგორია-საქართველო. ისიც ვთქვათ, რომ დღეს, ჩვენს ჯგუფში ლუქსემბურგი-ჩერნოგორია და პორტუგალია-კოსოვო ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, ლეგიონერი კი მხოლოდ ორია: სოსო მაჭავარიანი იტალიური “ტიგულიოდან” და ლევან მასხულია ესპანური “ალბასეტედან”.
ნუგზარ აბულაძე (“ოლიმპი”), ალექსანდრე ბოლქვაძე (“მგზავრები-არმია”), სანდრო სანაძე (“მგზავრები-არმია”), კახა ტომარაძე (“ოლიმპი”), მაიზერ რევაზაშვილი (“მაკაბი”), ლუკა ზარნაძე (“მგზავრები-არმია”), არჩილ პულუზაშვილი (“ოლიმპი”), უჩა გამრეკლიძე (“ოლიმპი”), სოსო მაჭავარიანი (“ტიგულიო”, იტალია), ლევან მასხულია (“ალბასეტე”, ესპანეთი), იოსებ გოგნაძე (“ოლიმპი”), გიორგი ტურძელაძე (“მგზავრები-არმია”).