ჩოგბურთი

19:50 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ,,ძლიერ მეტოქეებთან თამაშის დროს ხელი არასდროს მიკანკალებს“

უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამ ტურნირის მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბევრი სპორტსმენისათვის მის ძირითად ბადეში მოხვედრაც კი წარმატებად ითვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ნომერ პირველი მეჩოგნე ტურნირის დაწყების წინ 153-ე ადგილზე იმყოფებოდა, მის მიერ უიმბლდონი-2015-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ძირითად ბადეში მოხვედრა მართლაც დიდი მიღწევაა.

კენჭისყრამ ბასილაშვილს პირველ ტურში შედარებით სუსტი მეტოქე არგენტინელი ფაკუნდო ბანისი არგუნა. ეს შანსი ქართველმა სპორტსმენმა ხელიდან არ გაუშვა, მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 (6:4, 7:6,( 7:3), 6:2) დაამარცხა. პირველისაგან განსხვავებით, მომდევნო რაუნდში ფორტუნამ ბასილაშვილს ზურგი აქცია და მეტოქედ რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფი ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი) შეახვედრა. ბევრს ეგონა, რომ ქართველი სპორტსმენი უიმედო სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა, ბასილაშვილმა მეტოქეს ტოლი არ დაუდო, უაღრესად დაძაბული ორთაბრძოლა, რომელიც 2 საათი და 58 წუთი გაგრძელდა, 3:2 (7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4) მოიგო, და მესამე რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კენჭისყრამ ბასილაშვილს ესპანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კლასიფიკაციაში 22-ე ადგილზე მყოფი რობერტო ბაუტისტა-აუგუტი დაუპირისპირა. ამჯერად ქართველ ჩოგბურთელს ხელი მოეცარა, 0:3 (6:7, 0:6, 1:6) დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

და მაინც - 23 წლის ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირებში ასეთი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.

უიმბლდონის ტურნირზე კარგად ასპარეზობის შემდეგ ბასილაშვილი კლასიფიკაციაში დაახლოებით 34-35 ადგილით დაწინაურდება.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი“ ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა.

- არიან ჩოგბურთელები, რომლებსაც მათზე ბევრად მაღალი რეიტინგის მქონე სპორტსმენების წინააღმდეგ თამაშის დროს ემოციური დატვირთვისგან ხელები უკანკალებთ, თქვენ რა შეგრძნება გეუფლებათ ასეთ სიტუაციაში?

- ხელები ნამდვილად არ მიკანკალებს, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ - როცა სერიოზული მეტოქე მყავს, მასთან თამაშისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

- ლოპესთან შეხვედრისას რამდენად ელოდით გამარჯვებას?

- რა თქმა უნდა, ველოდი. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ კორტზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ.

- კონკრეტულად, რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის დამარცხება?

- უკეთეს ფორმაში ვიყავი და ამიტომ შევძელი მოგება.

- ბაუტისტა-აუგუტთან შეხვედრაზე რას გვეტყვით?

- ამჯერად მეტოქე უფრო მომზადებული აღმოჩნდა.

- ბაუტისტა-აუგუტთან პირველი სეტი დაძაბულ ბრძოლაში წააგეთ. ამის შემდეგ კი მოეშვით და ორ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი მოიგეთ. გამოუცდელობის ან ფიზიკური გადაღლის ბრალი ხომ არ იყო თქვენი წაგება?

- ამ დონის ტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს. მიმდინარე წელს როლან გაროსის (საფრანგეთი) შემდეგ, დიდი სლემის ტურნირებიდან უიმბლდონი მეორე იყო, სადაც ძირითად ბადეში მოვხვდი, ბაუტისტა-აუგუტთან პირველი სეტის დასრულების შემდეგ კუნთები დამეჭიმა და ძველმა ტრავმამაც გამიხსენა. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავის გამართლებას ნამდვილად არ ვაპირებ. მეტოქე ჩემზე კარგ ფორმაში იმყოფებოდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

- თქვენი თამაშის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვითხარით...

- აშკარად არ მივარგა ჩაწოდება. ამ ნაკლზე სისტემატიურად ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ჩაწოდება გავაუმჯობესო, სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მიყვარს სახალხოდ ჩემი სათამაშო სტილის დადებით და უარყოფით თვისებებზე საუბარი. რა საჭიროა ჩემს მეტოქეებს ის ინფორმაცია მივაწოდო, რაც მე კარგს არაფერს მომიტანს.

- პირადი მწვრთნელი თუ გყავთ?

- არა.

- უიმბლდონის ტურნირზე მარტო იმყოფებოდით?

- წარმომადგენელი მახლდა სტამბულის (თურქეთი) ერთ-ერთი კლუბიდან, სადაც ვვარჯიშობ.

- რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

- ხანმოკლე შესვენების შემდეგ დღეს განვაახლე ვარჯიში. დევისის თასზე სათამაშოდ ვემზადებით, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად 15 ივლისიდან ვიასპარეზებ. ამის შემდეგ დაგეგმილი მაქვს ჰოლანდიის, გერმანიისა და აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

0.118214