საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი და 2004 წლის ჩემპიონი ბოლნისის "სიონი" 2015-2016 წლების სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშებს. ბოლნისლებს როგორც მოგეხსენებათ, რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი თავკაცი ვარლამ კილასონია დამოძღვრავთ. გამოცდილმა სპეციალისტმა "სიონის" ვებგვერდთან" ისაუბრა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ გუნდიდან წასვლა ბევრ ფეხბურთელს მოუწევს, ხოლო საშინაო მატჩების ჩატარება ბოლნისში სურთ.
"ბოლნისის სტადიონზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები და ამიტომაც შესაძლოა, ამხანაგური მატჩის გამართვის უფლება ამ ეტაპზე ჩვენს სტადიონზე არ მოგვცენ. ისე კი, ჩემი სურვილია, რომ სპარინგებიცა და ჩემპიონატის კალენდარული მატჩებიც "სიონმა" საკუთარ კედლებში ჩაატაროს", - თქვა კილასონიამ.
"სიონი" გასულ სეზონში საშინაო თამაშებს თბილისში, "მიხეილ მესხზე" და გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე" ატარებდა. ცოტა ხნის წინ კი ბოლნისურმა გუნდმა სფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტს მიმართა თხოვნით, სტადიონის დათვალიერების და შეფასების შესახებ.