საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა” თურქულ შეკრებას განაგრძობს. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ამჯერად მორიგი სპარინგი გამართა და დიდი ანგარისით გაიმარჯვა. გორელთა მეტოქე თურქეთის პირველი ლიგის გასული გათამაშების მესამე ადგილოსანი “ალანიასპორი” გახლდათ. “დილამ” მეტოქეს არასაფეხბურთო ანგარიშით აჯობა – 7:0.
გამარჯვებულთაგან დუბლით გამოირჩა თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე, თითოჯერ კი თავის გამოჩენა გიორგი ნავალოვსკიმ, ალექსანდრე კვახაძემ, ოთარ მარცვალაძემ, მიხეილ გორელიშვილმა და გიორგი ერისთავმა მოახერხეს.
“დილამ” თურქეთში მესამე სპარინგი ჩაატარა. აქამდე შიდაქართლელებმა ლუცკის “ვოლინთან” ორჯერ ითამაშეს – პირველი მოიგეს, ხოლო მეორე მიმდინარეობისას, 82-ე წუთზე შეწყდა. “დილა” შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, შემდგომ კი პირდაპირ ბელგრადში გაემგზავრება, სადაც 14 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ადგილობრივ “პარტიზანს” დაუპირისპირდება.
“დილამ” ამ მატჩში შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, ნავალოვსკი, კვირკველია, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ილურიძე (გორელიშვილი), მარცვალაძე, მოდებაძე (ერისთავი)
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი