როგორც ლანჩხუთის “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კლუბი სფფ-ს აღმასკომის მიცემულ ვადაში ჩაეტევა, რაც 14 ივლისამდე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საწევრო თანხის 50 ათასი ლარის გადახდას გულისხმობს. აქედან გამომდინარე ლანჩხუთელების უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი გაზეთების ცნობით, საკრებულოს წევრებმა “გურიას” ფინანასური საკითხის შესახებ ისაუბრეს, რაც უახლოეს დღეებში დადებითად გადაწყდება.
შეგახსენებთ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის "გურიას" აღნიშნული თანხა 1 ივლისამდე უნდა გადაეხადა, თუმცა კლუბმა ეს ვერ მოახერხა და თანხის შეტანის ბოლო ვადა 14 ივლისამდეა. იმ შემთხვევაში თუ ლანჩხუთელები აღნიშნულ თანხას ვერ გადაიხდიან, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობებიან. მათ ნაცვლად კი სავარაუდოდ "ვიტ ჯორჯია" ითამაშებს.