მადრიდის “რეალი” ფლანგზე მოთამაშე მცველებს, მარსელოსა და კარვახალს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. მარჯვენა მცველ დანი კარვახალის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2019 წელს ეწურება, მაგრამ “სამეფო კლუბს” სურს, რომ ის “ბერნაბეუზე” კიდევ ერთი წლით დატოვოს. 23 წლის ფეხბურთელმა კლუბის მაისურით გასულ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში (ყველა ტურნირში ერთად), ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მარცხენა მცველ მარსელოს კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება და ახლა მას კიდევ სამი წლით, 2021 წლამდე გაახანგრძლივებს. 2014/2015 წლების სეზონში, 27 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირში ერთად 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი პირად ანგარიშზე ჩაიწერა, ათჯერ კი, ასისტენტობას დასჯერდა.