საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სფფ-ს ოფისში სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც მან ევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ადგილი და თარიღი ოფიციალურად დაასახელა.
დომენტი სინიჭავას განცხადებით, დარჩენილი 22 ათასი ბილეთის გაყიდვა 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება. როგორც სიჭინავამ თქვა, კვირა დღე სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან დასვენების დღეა და ყველა მსურველმა მოახერხოს ბილეთების შეძენა.
"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ თბილისის მერიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობდით უსაფრთხოებისა და ყველა იმ დეტალის მოგვარებაზე, რაც ბილეთების გაყიდვას უკავშირდება.
12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ბილეთების გაყიდვა "მიხეილ მესხის" სალაროებში დაიწყება. გვინდა ყველა თანაბარ პირობებში იყოს, რომ ბილეთების შეძენა მოახერხონ. სწორედ ამიტომ შეირჩა კვირა, რადგან უქმე დღეა. შაბათს რამდენიმე დაწესებულება დღის პირველ ნახევარში მუშაობს, სტუდენტებს გამოცდებიც აქვთ, კვირა კი ყველასათვის თავისუფალია. ბილეთების რიგი ვაკის პარკიდან დაიწყება და ახლად აშენებულ სალაროებამდე გაგრძელდება. თითო სალარო 12-12 ადამიანს მიიღებს. აქვე დავამატებ, რომ ბილეთები უკვე ფედერაციაშია. მსურს მივმართო გულშემატკივრებს, შეიძინონ მხოლოდ ის ბილეთები, რომელსაც ჩვენ გავყიდით, რადგან სხვა ყველა ბილეთი იქნება ყალბი. იმასაც ვიტყვი, რომ სამივე კატეგორიის ბილეთების გაყიდვა დაიწყება.
ჩვენ ვქმნით სპეციალურ კომისიას, გვექნება დამონტაჟებული კამერები და სანამ ეს ბილეთები არ გაიყიდება მოვახდენთ დაკვირვებას, რომ რაიმე გადაცდენა არ მოხდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოლარეებთან და ადვილი შესაძლებელია, ბილეთების გაყიდვა 24 საათის განმავლობაში მოხდეს. ფასი კი ისევ უცვლელია 7, 15 და 30 ევრო, ანუ, 18, 35 და 75 ლარი. ერთი აიდი ბარათით მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი", - თქვა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ბილეთები ონლაინ რეჟიმში უნდა გაყიდულიყო, თუმცა ვებგვერდმა biletebi.ge-მ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, რის შემდგომაც უეფასთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ბილეთები სალაროებში გაყიდულიყო.
უეფას სუპერთასი 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება და მასში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.