9 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება. ბათუმის "დინამო", რომელმაც პირველი მატჩი 1:0 მოიგო, ნიქოზიაში ადგილობრივ "ომონიას" ეწვევა და მეორე ეტაპის საგზურის გაფორმებას ეცდება.
როგორც "მსოფლიო სპორტს" ბათუმელთა პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა განუცხადა, "დინამო" ხვალ დილით კვიპროსში გაემგზავრება. ზღვისპირელებს ფეხბურთელთა მხრივ დანაკლისი არ აქვთ და კუნძულელებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან.
მისივე თქმით, ბათუმის სტადიონის მშენებლობა ადრე დათქმულ ვადებში მოესწრება, ოღონდ ამჯერად მას სხვა კომპანია ააშენებს.
"გუნდი დღეს უკვე თბილისში გაემგზავრა, სადაც ხვალ დილამდე დარჩება, ხოლო დილით უკვე კვიპროსში გაემგზავრება. საბედნიეროდ, ტრავმები გუნდში არაა. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და საბრძოლველად მზად არიან.
რაც შეეხება სტადიონს - იმის თქმა შემიძლია, რომ იგი დათქმულ ვადებში აშენდება, თუმცა სხვა კომპანია ააშენებს, რომლის ვინაობაც უახლოეს მომავალში გაირკვევა", - გვითხრა ფედიჩკინმა.
"ომონიასა" და "დინამოს" საპასუხო შეხვედრა კუნძულზე, 9 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია გეგმავს.