გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდების მისთვის ჩამორთმევა ტომას მიულერს შეუძლია.
"ჩემი აზრით, მიულერს შეუძლია გატანილი გოლების მხრივ მუნდიალების რეკორდი დაამყაროს. მას გოლები მარტივად გააქვს", - თქვა კლოზემ.
კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 16 გოლი გაუტანია და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ტომას მიულერის აქტივში კი 10 გატანილი გოლია.
კლოზემ ისიც დააყოლა, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და ისევ ძალუძს გუნდისთვის სარგებლის მოტანა.
"ჩემი კარიერა არ დასრულებულა. მაღალ დონეზე თამაში 21 წლის ასაკში დავიწყე და კიდევ შემიძლია ფეხბურთში ბევრი რამ გავაკეთო. თამაში დიდხანს შემიძლია", - ამბობს რომის "ლაციოს" 37 წლის ფორვარდი.
მიროსლავ კლოზეს სანაკრებო კარიერა დასრულებული აქვს, ხოლო "ლაციოსთან" ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.