ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც იგი ტურინში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 29 წლის ფეხბურთელის გასამრჯელო კი სეზონში 3.5 მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები იქნება. მარკიზიოს ძველ ხელშეკრულებას ყავლი ერთი წლის შემდგომ გასდიოდა.
კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. განსაკუთრებული პოპულარობით კი იგი “ბებერი ქალბატონის” ქომაგებს შორის სარგებლობს. იტალიელ ფეხბურთელს “იუვეს” მაისური 300-ზე მეტ მატჩში აქვს მორგებული და მისი მაისური ტურინული გრანდის მუზეუმშია შენახული.