დორტმუნდში (გერმანია) დასრულდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, სადაც ერთმანეთს თანამედროვეობის რამდენიმე წამყვან მოჭადრაკესთან (კარუანა, კრამნიკი, სო...) ერთად, ქალთა შორის რეიტინგ-ფავორიტი და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჰოუ იფანიც მონაწილეობდა.
7 შესაძლებლობიდან 5.5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი კარუანამ მოიპოვა, რომელმაც მეორე-მესამე ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ჭადრაკისათვის საკმაოდ დიდი სხვაობით 1.5 ქულით გაუსწრო. აღნიშნული ტურნირის 43-წლიანი ისტორიის განმავლობაში კრამნიკის შემდეგ კარუანა მეორე მოჭადრაკე გახდა, რომელმაც დორტმუნდის ტურნირის ზედიზედ ორჯერ მოგება მოახერხა.
ყველასათვის მოულოდნელად, რეიტინგ-ფავორიტმა კარუანამ ტურნირი ძალიან ცუდად დაიწყო, მას 2 ტურის შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა და აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა. ასეთმა წარუმატებელმა სტარტმა კარუანა როგორც ჩანს ძალიან გააბრაზა, მთელი ძალით ათამაშდა, ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და როგორც უკვე ავღნიშნეთ, პირველ ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერ ნესიპიანუსთან შეხვედრაში კარუანას პირველი ადგილის მოსაპოვებლად ყაიმიც ყოფნიდა, მაგრამ მაინც მოგებაზე ითამაშა და საწადელს მიაღწია.
გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზა ტურნირის ერთ-ერთმა რეიტინგ-აუტსაიდერმა, გერმანიის სახელით მოასპარეზე ლივიუ-დიტერ ნესიპიანუმ. ბოლო ტურამდე იგი ლიდერი და ერთადერთი დაუმარცხებელი მონაწილე იყო, მაგრამ ბოლო ტურში კარუანასთან ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა პირველი ადგილი მისთვის დაეთმო.
მეექვსე და მეშვიდე ტურის ტექნიკური შედეგები
ფაბიანო კარუანა (აშშ) – ჰოუ იფანი (ჩინეთი) 1:0
იან მეპომნიაშჩი (რუსეთი) – არკადი ნაიდიჩი (გერმანია) 1:0
გეორგ მაიერი (გერმანია) – უესლი სო (აშშ) 0.5:0.5
ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) – ლივიუ-დიტერ ნესიპიანუ (გერმანია) 0.5:0.5
მეშვიდე ტური
ნესიპიანუ – კარუანა 0:1
სო – კრამნიკი 1:0
ნაიდიჩი – მაიერი 0.5:0.5
ჰოუ იფანი – მეპომნიაშჩი 0.5:0.5
ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
I კარუანა 5.5
II ნესიპიანუ 4
III სო 4
IV კრამნიკი 3.5
V ნაიდიჩი 3
VI მეპომნიასჩი 3
VII ჰოუ იფანი 2.5
VIII მაიერი 2.5