ფეხბურთი

19:39 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩილე თუ არგენტინა? - კოპაზე ფინალის დროა

დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში კოპა ამერიკის ფინალური მატჩი დაიწყება. მასპინძელი ჩილე არგენიტინის ნაკრებს დაპირისპირდება და ამ შეხვედრის გამარჯვებული სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდის სახელს დაიგდებს.

ჩილეს ნაკრებს აქამდე კოპა ამერიკა არასდროს მოუგია, არგენტინელებს კი აღნიშნული ტურნირი 14-ჯერ აქვს მოგებული. ბოლოს "ალბისელესტემ" ამის გაკეთება 22 წლის წინ მოახერხა, როცა გაბრიელ ბატისტუტას დუბლის წყალობით მექსიკას 2:1 აჯობა. ამის შემდეგ არგენტინელთა მაქსიმუმი კოპაზე ფინალია, რომელსაც ამ გუნდმა ახლა უკვე მესამედ უწია. წინა ორ შემთხვევაში მისი მეტოქე ბრაზილია იყო და ორჯერვე გამარჯვებული "სელესაო" გამოვიდა (2004 და 2007 წლებში). ტატა მარტინოს გუნდი უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას ამჯერად მასპინძელი ჩილეს წინააღმდეგ ეცდება.

თავის მხრივ, ხორხე სამპაოლის გუნდი საკუთარ კელდებში თამაშობს და გასამარჯვებლად ყველაფერს გაიღებს. თანაც, ჩილეს ეს ტურნირი ხომ არასდროს მოუგია. მას მერე, რაც კოპა ამერიკა ახალი ფორმატით ტარდება ჩილელების მაქსიმუმი ფინალია, რომელსაც მათ 1979 და 1987 წლებში უწიეს, მაგრამ ორჯერვე მარცხი იწვნიეს. მანამდეც, როცა კოპა სხვა ფორმატით ტარდებოდა (1967 წლამდე), ჩილეს საუკეთესო შედეგი იქაც ფინალი იყო.

ჩილემ ნახევარფინალში პერუს დაძაბულ ბრძოლაში ედუარდო ვარგასის გოლებით მოუგო (2:1), ხოლო არგენტინელებმა პარაგვაის შავი დღე აყარეს და 6:1 გაანადგურეს. იმ მატჩში სამი საგოლე გადაცემა ლიონელ მესიმ შეასრულა, ხოლო ანხელ დი მარია დუბლით გამოირჩა.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი საუკეთესო შემადგენლობით ხვდება. მასპინძლებს გერმანული "მაინცის" მცველი გონსალო ხარა დააკლდებათ, რომელიც დისკვალიფიკაციას იხდის. სხვა მხრივ სამპაოლის შემადგენლობაში საფიქრალი არ აქვს. რაც მთავარია, მწყობრში არიან გუნდის ლიდერები - არტურო ვიდალი, ედუარდო ვარგასი და ალექსის სანჩესი.

არგენტინელებიც მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობით შეეტოქებიან. მარტინო შემადგენლობაში სიახლეებს არ გეგმავს და აქამდე ნაცად ფეხბურთელებს დაეყრდნობა.

ფაქტები

არგენტინა და ჩილე კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

ჩილეს კოპა ამერიკაზე ფინალში 1979 და 1987 წლებში უთამაშია, თუმცა ორჯერვე ეს გუნდი დამარცხდა.

არგენტინის ნაკრებმა ბოლოს კოპა ამერიკა 1993 წელს მოიგო, როცა გადამწყვეტ მატჩში მექსიკას მოუგო. მას შემდგომ კი "ალბისელესტე" 2004 და 2007 წლებში ფინალში დამარცხდა. (ორივე შემთხვევაში ბრაზილიასთან).

ჩილეს კოპაზე არგენტინასთან ბოლო 10 მატჩიდან 9 წაგებული აქვს.

ჩილეს არგენტინის კარში კოპა ამერიკაზე აქამდე ჩატარებულ 24 შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლი აქვს გატანილი (ორ მატჩში საშუალოდ ერთი გოლი).

კოპა ამერიკაზე ჩილეში ეს ორი გუნდი აქამდე 7-ჯერ შეხვედრია. 3-ჯერ არგენტინელებმა მოიგეს, 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

არგენტინას კოპაზე ბოლო 19 მატჩიდან ერთადერთი თამაში აქვს წაგებული - 2007 წელს, ფინალი ბრაზილიასთან (0:3). ბოლო წლების გათამაშებებიდან კი ორჯერ იგი ტურნირს პენალტების სერიით დაემშვიდობა - 2004 წელს ბრაზილაისთან წააგო, ხოლო 2011-ში ურუგვაისთან.

არგენტინამ ნახევარფინალში პარაგვაის 6:1 აჯობა. ნახევარფინალურ ეტაპზე კი ამაზე დიდი სხვაობით მხოლოდ ბრაზილიას მოუგია - 1997 წელს, პერუსთან 7:0.

ფინალისტ გუნდებს კარის მიმართულებით ყველაზე მეტჯერ დაურტყამთ. მათი მაჩვენებელი იდენტურია - 61.

კოპას ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ნახევარფინალის ორივე თამაშში დუბლი ორივე გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელებმა შეასრულეს - ედუარდო ვარგასმა პერუსთან და ანხელ დი მარიამ პარაგვაისთან.

ლიონელ მესი კოპა ამერიკის ბოლო ორი გათამაშების ისტორიაში (2011, 2015) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლიონელ მესის მეტოქის კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაურტყამს - 17. გარდა ამისა იგი საუკეთესო დრიბლიორია - 36.

ჩილელი არტურო ვიდალი კი კარში ზუსტი დარტყმებით ლიდერობს - 9.

ხავიერ მასკერანოსა და გარი მედელს ყველაზე მეტი პასი აქვთ გაკეთებული. შესაბამისად, 365 და 332.

არგეტინელ კარლოს ტევესს კოპაზე გოლი უკვე ზედიზედ 12 თამაშია არ გაუტანია. "ბოკას" თავდამსხმელმა ბოლოს ამ ტურნირზე აშშ-ს კარი დალაშქრა (2007 წელს).

სავარაუდო შემადგენლობები:

სანტიაგო, "ესტადიონ ნასიონალი"

ჩილე (4-3-1-2): ბრავო; ისლა, მედელი, სილვა, მენა; დიასი, ვიდალი, არანგიზი; ვალდივია; სანჩესი, ვარგასი

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

არგენტინა (4-3-3): რომერო; ზაბალეტა, გარაი, ოტამენდი, როხო; მასკერანო, ბილია, პასტორე; მესი, აგუერო, დი მარია

მწვრთნელი: ტატა მარტინო

მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)

0.115057