ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირში ასპარეზობას 1/16 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. 23 წლის ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში 153-ე ჩოგანია, გამოცდილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აუგუტთან (22) ვერაფერს გახდა, საბოლოო ჯამში მშრალი ანგარიშით - 0:3 წააგო. ბასილაშვილმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, როცა ტაიბრეიკზე წააგო (6:7). დანარჩენი ორ სეტში კი ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახერხა და დამარცხდა (6:7, 0:6, 1:6).
უიმბლდონის ტურნირზე ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის მთავარ ბადეში გაღწევამდე სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ხოლო შემდგომ ორი მეტოქის დამარცხებაც შეძლო. მათ შორის განსაკუთრებით ხმაურიანი კი 2 ივლისს, მსოფლიოს მე-16 ჩოგანთან, ესპანელ ფელისიანო ლოპესთან გამარჯვება იყო - ქართველმა მეტოქე ხუთსეტიან ორთაბრძოლაში 3:2 დაამარცხა (7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4).