საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გიორგი დარასელიას გუნდმა პირველი სპარინგიც ჩაატარა და მისი მეტოქე უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თერჯოლის “საპოვნელა” გახლდათ. მატჩი ქუთათურთა საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
გამოცდილმა “ტორპედომ” მეტოქეს ადვილად აჯობა – 3:0. ანგარიში მე-20 წუთზე დავით კირიკიტაძემ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვეტერანმა შოთა ბაბუნაშვილმა გაზარდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა.
დარასელიამ თავისი გუნდი თითო ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობით ათამაშა.
როგორც “ტორპედოს” ვებგვერდი იტყობინება, იმერული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს თბილისში, “საბურთალოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.